თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) პრეზიდენტის ვიზიტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
22 ივლისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) პრეზიდენტი, პროფ. არიფ ერგინი.
ვიზიტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, თურქეთსა და საქართველოს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრები გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.
22 ივლისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეხვედრას ეწრებოდნენ: პროფ. არიფ ერგინი, თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორატის წარმომადგენელი, ევროკავშირის ჩარჩო პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქ-ნი სელდა ულუტასი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ქ-ნი მუთებერ კილიჩი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბ-ნი თეიმურაზ მურღულია, სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბ-ნი კახა ხანდოლიშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ქ-ნი მანანა (მაკო) მიქაბერიძე და ფონდის საერთაშორისო ურთოერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი ქ-ნი მარიამ ქებურია.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მიმდინარე ორმხირივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. თურქეთის მხარემ გამოხატა მზაობა, საქართველოს შესაბამის ინსტიტუციებს გაუზიაროს გამოცდილება პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში მეცნიერთა ჩართულობის გაზრდის კუთხით. ამ მიზნით, თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს დელეგაციამ სპეციალური კონცეფცია შეიმუშავა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს კონკრეტული აქტივობების ერთობლივად დაგეგმვისკენ მოუწოდა. ბატონმა თეიმურაზ მურღულიამ პროფ. არიფ ერგინი საქართველოში, სექტემბერში დაგეგმილ სამეცნიერო ფესტივალზე მიიწვია.