შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

„ახალი ტექსტოლოგიური კვლევები და გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე (ორენოვანი გამოცემა) " პრეზენტაცია

5 თებერვალს, ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტის ახალი ტექსტოლოგიური კვლევები და გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე (ორენოვანი გამოცემა) პრეზენტაცია „ზუმის“ შეხვედრების პლატფორმაზე. დასწრება იყო თავისუფალი.

შეხვედრის დასაწყისში პროექტის ხელმძღვანელმა – მაია ნინიძემ გააკეთა მოხსენება პროექტის შედეგების შესახებ. მოხსენებაში ითქვა, რომ:

მომზადდა და ელექტრონულ ბიბლიოთეკა „ივერიელზე“ განთავსდა „გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“.

http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/327865

ითარგმნა,  და იმავე პლატფორმაზე აიტვირთა წიგნის ინგლისური ვერსია - „The Chronology of Grigol Orbeliani’s Life and Work“

http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/327868

მატიანის თითოეულ ანოტაციას ახლავს წყარო და, საჭიროებიდან გამომდინარე, სამეცნიერო აპარატის რუბრიკები: დათარიღება, პირთა იდენტიფიცირება, გეოგრაფიული სახელები, შენიშვნა, პირთა ბიოგრაფიული მონაცემები. წიგნში სულ 3302 ანოტაციაა,  1278-ს დართული აქვს „დათარიღების“ რუბრიკა, 196-ს – „პირთა იდენტიფიკაცია“, 1002-ს „გეოგრაფიული სახელები“, 139-ს „შენიშვნა“, 2633-ს „პირთა ანოტაციები“

გარდა იმისა, რომ პროექტის ფარგლებში დათარიღდა ასობით ტექსტი და მოვლენა და მოხდა უამრავი პირის იდენტიფიცირება, დადგინდა გრიგოლ ორბელიანის მიერ შესრულებული ვრცელი პროზაული თარგმანის „საღამოს ჩაიზედ“  დღემდე უცნობი ავტორის ვინაობა და ამასთან ერთად მოხდა თარგმანის დათარიღება. ავტორია:  კაროლინა იანიშ-პავლოვა. მოთხრობა დაიწერა 1859 წელს და, შესაბამისად, თარგმანი 1859 წელზე ადრეული ვერ იქნება.

გასწორდა სხვადასხვა არქივების აღწერილობაში დაშვებული შეცდომები: გრიგოლ ორბელიანის ძმის - ზაქარიას ათზე მეტი დოკუმენტი მიეწერებოდა გრიგოლს. ანასტასია ჩერქეზიშვილ-ხერხეულიძის წერილები მიკუთვნებული იყო ანასტასია ორბელიან-ოკლობჟიოსთვის. ორი წერილის ადრესატია ნიკოლოზ ერისთავი და არა ნიკოლოზ ორბელიანი.

გასწორდა სხვა ისტორიულ პირთა ბიოგრაფიული დეტალები: ვერა ილიას ასული ბაგრატიონ-გრუზინსკაია-ბარიატინსკაია გარდაიცვალა 1862 და არა 1903 წელს. ელისაბედ ბაგრატიონ-გრუზინსკაია-ბაშმაკოვა გარდაიცვალა 1863 და არა 1890 წელს.

დაზუსტდა ცალკეული ტექსტების ჟანრები. ორი ტექსტი აღმოჩნდა პირადი წერილი და არა მხატვრული ნაწარმოები, ორი კი – დღიურის ტიპის ჩანაწერი.

პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა და გამოქვეყნდა ორი სტატია საერთაშორისო იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში:

Maia Ninidze, Saba Metreveli, Tea Tvalavadze, Esma Mania, East–West cultural discourse as seen by Georgian poets of the nineteenth century, Nineteenth-Century Contexts, 2020, VOL. 42, NO. 3, 275–288, Routledge Taylor and Francis Group, https://doi.org/10.1080/08905495.2020.1756666

Maia Ninidze, Saba-Piruz Metreveli, Tea Tvalavadze, Esma Mania, Research for the Chronicles of Grigol Orbeliani's  Life and Works, BULLETIN  OF  THE  GEORGIAN  NATIONAL  ACADEMY  OF  SCIENCES, 2019, vol. 13, no. 2. GEORGIAN  NATIONAL  ACADEMY  OF  SCIENCES, http://science.org.ge/bnas/t13-n2/20_Ninidze.pdf

ორი სტატია გამოქვეყნდა ადგილობრივ რეფერირებად ჟურნალებში.

ერთი მოხსენება წავიკითხეთ ციურიხის საერთაშორისო კონფერენციაზე

Esma Mania, Der kaukasische Multikulturalismus als Streitfrage und Möglichkeit und das Privatarchiv eines georgischen Generals des russischen, Zarenreichs ICSS XX, 20th International Conference on Social Sciences, Zurich University of the Arts, 06.11.2019, hp/ejss/article/view/4516

სამი მოხსენება წაკითხულ იქნა  ადგილობრივ საერთაშორისო კონფერენციებზე.

ამ ტიპის პროექტზე მუშაობის პროცესი იმდენად დინამიური და საინტერესოა, რომ ძალიან ეხმარება მონაწილეებს პროფესიულ ზრდაში. პროექტის ორმა ძირითადმა შემსრულებელმა, რომლებიც პროექტის დაწყებისას დოქტორანტები იყვნენ, წარმატებით დაიცვეს სადოქტორო დისერტაციები.

ფუნდამენტურ კვლევებზე დაფუძნებული მატიანე მეცნიერულად სანდო და მაქსიმალურად ინფორმაციულია, მისი მოქნილი, ორშრიანი ფორმატი კი წიგნს იოლად მოსახმარს ხდის. ამიტომ მატიანეებზე მუშაობა მომავალშიც აუცილებლად უნდა იყოს ინტეგრირებული ფუნდამენტურ კვლევებთან და გამოცემის ფორმატიც ელექტრონული უნდა დარჩეს.

რამდენადაც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შექმნილი ორივე მატიანე (ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის) დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს, მუშაობა უნდა გაგრძელდეს სხვა ქართველ კლასიკოსთა მატიანეების შესაქმნელადაც.

პროექტის ხელმძღვანელის ანგარიშის შემდეგ თავიანთი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები გამოთქვეს მისმა სხვა მონაწილეებმაც. ითქვა, რომ ამ ტიპის მატიანეები როგორც სამეცნიერო საზოგადოებისათვის, ისე ფართო მკითხველისათვის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მართალია, დიდი შრომა არის მათში ჩადებული, მაგრამ შედეგი კიდევ უფრო დიდია: უამრავ დაინტერესებულ პირს შეეძლება მარტივად მიიღოს ის ინფორმაცია, რომლის მოპოვებასაც პროექტის მონაწილეების სამწლიანი ინტენსიური მუშაობა დასჭირდა.

შეხვედრის დასასრულს თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს შეხვედრის მონაწილეებმა: ქეთევან გიგაშვილმა, მაია ცერცვაძემ და ნათელა ჩიტაურმა. ყველა მათგანი კმაყოფილებას გამოთქვამდა პროექტის შედეგებით.