შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ონლაინ-ლექსიკონი

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო  გრანტების 2011  წლის კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით: „ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური  ონლაინ-ლექსიკონი“. 

პროექტის ხელმძღვანელი და ლექსიკონის რედაქტორი: თინათინ მარგალიტაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პროფესორი (ინგლისური ფილოლოგიის მიმართულება); უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიული ცენტრის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი.

ძირითადი პერსონალი:  ნინო ფორაქიშვილი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორი (დიდი ბრიტანეთი), თსუ იმუნოლოგიის და მიკრობიოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი - რედაქტორი;  გიორგი მელაძე, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ „ლექსიკოგრაფიული ცენტრის“ უფროსი რედაქტორი -  შემდგენელი; გელა ხუნდაძე, თსუ „ლექსიკოგრაფიული ცენტრის“ უფროსი რედაქტორი - შემდგენელი; მაია დავლიანიძე, თსუ „ლექსიკოგრაფიული ცენტრის“ რედაქტორი - ასისტენტ-შემდგენელი. 

ლექსიკონის კონსულტანტები: შუქია აფრიდონიძე, არნოლდ გეგეჭკორი, მანანა ჭურაძე, ირინა კვაჭაძე. 

 

XX საუკუნის ბოლო და XXI საუკუნის დასაწყისი ბიოლოგიური მეცნიერების რევოლუციური განვითარებით აღინიშნა.  უაღრესად შთამბეჭდავია სამეცნიერო და პრაქტიკული მიღწევები ამ სფეროში, განსაკუთრებით კი იმუნოლოგიის, გენეტიკის, გენური ინჟინერიის დარგში. მეცნიერების ამა თუ იმ დარგის ესოდენ სწრაფი განვითარება გულისხმობს ახალი სამეცნიერო ტერმინოლოგიის ბუნებრივ წარმოქმნას და ამ უახლესი ტერმინოლოგიით გაჯერებული სამეცნიერო ლიტერატურის შექმნას. სრულიად ნათელია, რაოდენ აუცილებელია ჩვენი გამოცდილი, ახალგაზრდა თუ მომავალი მეცნიერებისათვის ამ სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობა და ადეკვატური აღქმა, რაც წარმოუდგენელია აკადემიური ტერმინოლოგიური დარგობრივი ლექსიკონების გარეშე.

მოკლედ შევეხებით საბჭოთა პერიოდში არსებულ ენობრივ სიტუაციას, რომელიც ქართულ მეცნიერებასა და ქართულ სამეცნიერო ლიტერატურასა და ტერმინოლოგიაზეც აისახებოდა. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში საქართველო დიდი რუსულენოვანი ქვეყნის პროვინციის დონეზე იყო დაყვანილი და თავად ქართული ენის გამოყენების სფეროც საკმაოდ შეზღუდული იყო. ამ ფონზე ბუნებრივია, რომ ქართველი სტუდენტები საერთოდ, კერძოდ კი მომავალი ბიოლოგები, სპეციალურ ლიტერატურას რუსულ ენაზე ეცნობოდნენ, რაც ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებასა და დანერგვაზე უარყოფითად აისახებოდა. ქართული საზოგადოება განებივრებული არ იყო უცხოურ-ქართული ან, კონკრეტულად, ინგლისურ-ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონებით, ვინაიდან რუსულენოვანი იმპერია  არ იყო დაინტერესებული ქართული ეროვნული კულტურის განვითარებითა და ქართული საზოგადოების დასავლურ კულტურულ-სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებით. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის გარემოებაც, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა იდეოლოგია საერთოდ არ აღიარებდა ბიოლოგიის ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგს, როგორიცაა გენეტიკა, რაც მეტად უარყოფითად აისახა საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებში გენეტიკის და მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის განვითარებაზე. სწორედ ამ გარემოებათა გამო დაისახა მიზნად თსუ „ლექსიკოგრაფიული ცენტრის“  გუნდმა ისეთი ლექსიკონის შექმნა, რომელშიც ასახულია როგორც თანამედროვე ბიოლოგიური მეცნიერების მიღწევები, ასევე თანამედროვე, უახლესი ტერმინები, რომლებიც ამ დარგში დღესდღეობით გამოიყენება.

ლექსიკონში შესულია  საკუთრივ ბიოლოგიური და ბიოლოგიასთან მჭიდროდ დაკავშირებული ისეთი დარგების ტერმინები, როგორიცაა ბოტანიკა, ზოოლოგია, ანატომია, ფიზიოლოგია, ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნება, ბიოტექნოლოგია, გენეტიკა, იმუნოლოგია, მოლეკულური ბიოლოგია და სხვა, სულ 23 000 სიტყვა-სტატია. ლექსიკონში მაქსიმალურადაა ასახული ცხოველთა და მცენარეთა უკანასკნელ ხანებში აღმოჩენილი სახეობები. ხშირ შემთხვევაში, ცხოველებისა და მცენარეებისათვის, ძველ კატეგორიებთან ერთად, მითითებულია თანამედროვე გენეტიკური კვლევების საფუძველზე მათთვის ახლად მინიჭებული ტაქსონომიური კატეგორიები. ცხოველებისა და მცენარეების სახეობათა აღმნიშვნელ ინგლისურ ტერმინებს დართული აქვს შესაბამისი ლათინური სახელწოდებები. ლექსიკონში აგრეთვე ასახულია საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიის რეგიონის ცხოველთა და მცენარეთა ძირითადი ენდემური სახეობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტერმინებს ისეთი დარგებიდან, როგორიცაა გენეტიკა, იმუნოლოგია, ბიოტექნოლოგია.

ინგლისურ-ქართულ ბიოლოგიურ ლექსიკონში მაქსიმალურად აისახა და აღიწერა თანამედროვე ბიოლოგიური ტერმინების პოლისემია, სინონიმია. ტერმინებს, საჭიროების შემთხვევაში, დაერთო აბრევიატურები. სიტყვა-სტატიებზე მუშაობისას დიდი ყურადღება ეთმობოდა უახლესი ინფორმაციის მოძიებას ამა თუ იმ ტერმინთან დაკავშირებით და აღნიშნული ინფორმაციის ასახვას ლექსიკონში. ინგლისურ ტერმინებს დართული აქვს ტრანსკრიფციები და მცირე განმარტებები, რაც ლექსიკონს სასწავლო ლექსიკონის ფუნქციასაც ანიჭებს.

ლექსიკონისათვის შეიქმნა შემდეგი მოკლე ცნობარები:

  • აბრევიატურების ინდექსი;
  • ძირითადი ტაქსონომიური კატეგორიები;
  • გეოლოგიური წელთაღრიცხვა;
  • სტანდარტული გენეტიკური კოდი (კოდონებისა და ამინომჟავების მიხედვით);
  • საზომი ერთეულები.

ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონისათვის შემუშავდა შემდეგი პროგრამული პროდუქტები:

  • ლექსიკონის ონლაინ-ვერსია
  • ლექსიკონის მართვის პანელი, რომლის მეშვეობითაც ლექსიკონზე გრძელდება მუშაობა, მას ემატება ახალი სიტყვები, მიმდინარეობს არსებული მასალის განახლება და სხვა.

ონლაინ-ლექსიკონი ინტერნეტში განთავსებულია მისამართზე: https://bio.dict.ge