შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

ინგლისურ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ონლაინ-ლექსიკონი

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო  გრანტების 2013  წლის კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით: „ინგლისურ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის  ონლაინ-ლექსიკონი.

პროექტის ხელმძღვანელი და ლექსიკონის რედაქტორი: თინათინ მარგალიტაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (ინგლისური ფილოლოგიის მიმართულება); უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიული ცენტრის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი.

ძირითადი პერსონალი:   გიორგი მელაძე, ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) „ლექსიკოგრაფიული ცენტრის“ უფროსი რედაქტორი -  შემდგენელი; გელა ხუნდაძე, თსუ „ლექსიკოგრაფიული ცენტრის“ უფროსი რედაქტორი - შემდგენელი; ზაალ ზურაბაშვილი, მთარგმნელი - ასისტენტ-შემდგენელი;  მაია დავლიანიძე, თსუ „ლექსიკოგრაფიული ცენტრის“ რედაქტორი - ტექნიკური რედაქტორი. 

ტექნიკური ტერმინოლოგიის ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი მორიგია დარგობრივი ელექტრონული ლექსიკონების ციკლიდან, რომლის შექმნაც დაგეგმილია თსუ „ლექსიკოგრაფიული ცენტრის“ მიერ ამავე ცენტრში შექმნილი დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ელექტრონული კორპუსის საფუძველზე.  ლექსიკონი  ადეკვატურად ასახავს ტექნიკური მეცნიერების თანამედროვე დონეს, მის ტერმინოლოგიურ ბაზას. ლექსიკონში შესულია ელექტრონული და კომპიუტერული ტექნიკის, მანქანა-დანადგარებისა და ნაწილების, მეტალურგიული, საავტომობილო, საგზაო, საინფორმაციო და საწარმოო ტექნოლოგიების, სამთამადნო, სამშენებლო, სარკინიგზო და ჰიდროტექნიკური ტერმინოლოგია.

ყველასათვის ნათელია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს უახლესი ტექნიკური მიღწევების ამსახველ ტერმინოლოგიას ჩვენს ეპოქაში, როდესაც მოწინავე ტექნოლოგიები ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროშია შეჭრილი, იქნება ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საავტომობილო საქმე თუ სოფლის მეურნეობა და ტექნიკური პროგრესის ტემპი ყოველდღიურად იზრდება. მეცნიერების ამა თუ იმ დარგის ესოდენ სწრაფი განვითარება გულისხმობს ახალი სამეცნიერო ტერმინოლოგიის ბუნებრივ წარმოქმნას და ამ უახლესი ტერმინოლოგიით გაჯერებული სამეცნიერო ლიტერატურის შექმნას. ამგვარ ლიტერატურასთან მუშაობისა და მისი ადეკვატური აღქმის გარეშე დღეს ძნელი წარმოსადგენია ამა თუ იმ ტექნიკური დარგის კვალიფიციური კადრის აღზრდა. მეორე მხრივ, თანამედროვე მეცნიერების დარგში, ისევე როგორც მრავალ სხვა დარგში, დღესდღეობით განსაკუთრებული ადგილი უკავია ინგლისურ ენას, რომელიც, პრაქტიკულად, მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ენად გადაიქცა. ამდენად, ინგლისურ-ქართული თანამედროვე ტექნიკური ლექსიკონის საჭიროება და აუცილებლობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

ტექნიკური დარგის ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით აღსანიშნავია შემდეგი: საბჭოთა პერიოდში ქართულ ენაში ტექნიკური დარგის, ისევე როგორც სხვა ბევრი დარგის ტერმინოლოგია, რუსული ენიდან შემოდიოდა, რაც ქართულ ენაში რუსული ბარბარიზმების მომრავლებას უწყობდა ხელს. იყო მოღვაწეობის სფეროები, სადაც ძირითადად ინტერნაციონალური, მრავალენოვანი კოლექტივები მოქმედებდნენ, რომელთა წევრთათვისაც ურთიერთობის ძირითადი ენა რუსული იყო. ტექნიკური დარგი სწორედ ასეთი სფერო იყო, რადგანაც ხელოსნებში, მუშებში განსაკუთრებით დიდი იყო არაქართული მოსახლეობის პროცენტული წილი. ვფიქრობთ, სწორედ ამის შედეგია, რომ ტექნიკის სფეროში, ეს განსაკუთრებით საავტომობილო, ავტოტექნიკურ ტერმინებს ეხება, რეალურ, სალაპარაკო ქართულში ჯერაც ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება რუსული ბარბარიზმები (მაგ. „ატვიორტკა“, „პრაკლადკა“, „გაიკა“ და სხვა). სწორედ რუსული ტექნიკური ტერმინების აქტიურმა ხმარებამ ყოველდღიურ ქართულ მეტყველებაში გადაგვაწყვეტინა, ინგლისური ტერმინების ერთი ნაწილისათვის, განსაკუთრებით ავტოტექნიკური და, რიგ შემთხვევაში ზოგიერთი სხვა დარგის ტერმინებისთვისაც, რუსული ეკვივალენტებიც მიგეთითებინა (რუსულ ენაზე). ლექსიკონზე მუშაობისას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით ბოლო წლებში კომპიუტერული, ელექტრონული კომუნიკაციების და სხვა დარგების სწრაფი განვითარების შედეგად გაჩენილი უახლესი ტერმინების ქართული ეკვივალენტების შექმნას. ამ პროცესში დავეყრდენით მე-20 საუკუნეში ქართველი ენათმეცნიერების მიერ შემუშავებული ქართული ტერმინთშემოქმედების ძირითად მეთოდებსა და პრინციპებს. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ყველა უცხო ტერმინის ქართული ეკვივალენტის შექმნა, მაგრამ, ვფიქრობთ, საჭიროა დარგში არსებობდეს გონივრული ნაზავი მხოლოდ ქართული ტერმინებისა (მაგ. ბურღი, მავთული, საკისარი), მხოლოდ საერთაშორისო ტერმინებისა (მაგ. როტორი, ლაზერი, პროცესორი) და, რიგ შემთხვევაში, ქართულ და საერთაშორისო ტერმინთა პარალელური ფორმებისა (მაგ. დესკტოპი - სამუშაო მაგიდა, კარკასი – ჩონჩხი, ტულკიტი - პროგრამული ინსტრუმენტების ნაკრები, ძრავა – მოტორი).

ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონში არის 18 670 ინგლისური სიტყვა-სტატია,

24 036 ქართული სიტყვა-სტატია და 11 591 რუსული სიტყვა-სტატია, სულ 54 297 სიტყვა-სტატია. გარდა ამისა ლექსიკონში არის 87 292 ტერმინოლოგიური წყვილი: ინგლისურ-ქართული 18 670, ინგლისურ-რუსული 8 516, ქართულ-ინგლისური

24 036, ქართულ-რუსული 12 966, რუსულ-ინგლისური 11 591 და რუსულ-ქართული 11 513.

ლექსიკონი ელექტრონული სახით შეიქმნა. იგი არის პირველი ინგლისურ-ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკონი, რომელიც მომზადდა როგორც მონაცემთა ბაზა ამ პროექტისათვის შექმნილ მრავალენოვანი ლექსიკონის მართვის სისტემაში. უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული ლექსიკონების შექმნას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ცალკეული დარგისათვის, ასევე ზოგადად ქართული ელექტრონული ლექსიკოგრაფიული ბაზის ჩამოყალიბებისათვის. ეს, უდავოდ, ჩვენი საზოგადოებისათვის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომს გახდის ჩვენს პროდუქტს, რამდენადაც დღეს მოსახლეობის, განსაკუთრებით მოსწავლე ახალგაზრდობის, უდიდესი ნაწილი კომპიუტერით მუშაობს და ინფორმაციას ძირითადად კომპიუტერის მეშვეობით ღებულობს. ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა ელექტრონული ლექსიკონებისა და ენციკლოპედიების შექმნას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ლექსიკონი გარკვეულწილად შეავსებს იმ ხარვეზს, რომელიც საქართველოში ადეკვატური, თანამედროვე ელექტრონული ლექსიკონებისა და ენციკლოპედიური ცნობარების ხელმისაწვდომობის მხრივ შეინიშნება.

ტექნიკური ლექსიკონის ონლაინ-ვერსიას აქვს მართვის პანელი, რაც სარედაქციო გუნდს საშუალებას აძლევს განაგრძოს ლექსიკონზე მუშაობა, დაამატოს მას ახალი ტერმინები, განაახლოს არსებული მასალა და მოამზადოს ლექსიკონის ახალი რედაქციები.

ლექსიკონისათვის მომზადდა:

  • აბრევიატურების ინდექსი;
  • ძირითადი საზომი ერთეულები;
  • SI სისტემის პრეფიქსები;
  • ქიმიური ელემენტები (ატომური რიცხვის და ანბანის მიხედვით);
  • ე.წ. „სათბურის ეფექტის“ გამომწვევი აირები.

ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონისათვის შემუშავდა სამი პროგრამული პროდუქტი: ტერმინოლოგიური ორენოვანი ონლაინ-ლექსიკონის ახალი პლატფორმა, ლექსიკონის მართვის პანელი და მრავალენოვანი ლექსიკონის მართვის სისტემა, რომლებიც შექმნა ლექსიკოგრაფიული ცენტრის პროგრამისტმა გიორგი ქერეჭაშვილმა.

ონლაინ-ლექსიკონი ინტერნეტში განთავსებულია მისამართზე: https://techdict.ge