შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

ქართული ვაზის ჯიშები: დაცვის მენეჯმენტი

2013 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა: ქართული ვაზის ჯიშები: დაცვის მენეჯმენტი. პროექტის სამეცნიერო მიმართულებაა აგრარული მეცნიერებები. სამეცნიერო ხელმძღვენალი გახლავთ დავით მაღრაძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

აქტუალობა: ვაზის ქართული გენოფონდი ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესია მსოფლიოში: ადგილობრივი ჯიშების რაოდენობა 500-ს აღემატება, ხოლო ახალსელექციური ჯიშების და კლონური ვარიაციების ჩათვლით მისი რაოდენობა 600-ს აჭარბებს. ამ გენოფონდის კონსერვაცია და შესწავლა მეტად აქტუალურია, როგორც ქართული აგრონომიული მემკვიდრეობის დაცვის გარანტი.

მიზანი: სკრისა (გორის რაიონი) და ვაჭევის (ზესტაფონის რაიონი) კოლექციების მენეჯმენტი, მათში ქართული ჯიშების მაქსიმალური შენარჩუნება და ახლით გამდიდრება; შესწავლა და დახასიათება კვლევის თანამედროვე მეთოდებით; უკეთესების გამორჩევა კულტივირებისა და სელექციური პროგრამებისათვის; ქართული გენოფონდის პოპულარიზაცია საქართველოში და საერთაშორისო დონეზე, ქართული ღვინის ასორტიმენტის გაფართოების მცდელობა.

ამოცანები: სკრისა და ვაჭევის კოლექციებში ვაზის ქართული ჯიშების გარანტირებული დაცვა; ახალი კოლექციების აპრობაცია; ქართული ჯიშების კომპლექსური შესწავლა ამპელოგრაფიული, ციტოგენეტიკური, ემბრიოლოგიური, სამეურნეო და ენოლოგიური პარამეტრებით; ამპელოგრაფიული კატალოგის მომზადება ელექტრონულ და ბეჭდურ ფორმატში; საზოგადოებრივი ინტერესის ამაღლება ქართული გენოფონდის უნიკალურობისადმი.

შედეგები: სამი წლის განმავლობაში გეგმაზომიერად მიმდინარეობდა სკრისა და ვაჭევის კოლექციების მენეჯმენტი, რამაც განაპირობა ამ კოლექციების შევსება ნაკლული ქართული ჯიშებით და იქ არსებული გენოფონდის კონსერვაცია, როგორც ქართული აგრონომიული მემკვიდრეობის დაცვის გარანტია. ამავდროულად, პროქტის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ვაზის იმ ქართული ჯიშების ძიებას, რომლებიც არ არიან დაცული საქართველოს ვაზის კოლექციებში, კიდევ აქვს პერსპექტივა და უნდა გაგრძელდეს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე იმ უცხოურ კოლექციებში ან მევენახეობის ქვეყნებში, სადაც ვაზის ქართული ჯიშები გვხვდება ან გვხვდებოდა უახლოეს წარსულში.

ვაზის 200-მდე ჯიშის შესწავლა განხორციელდა ამპელოგრაფიის, აგრონომიის, ფენოლოგიური, ბიოქიმიის, ენოლოგიის, ციტოგენეტიკის, ემბრიოლოგიის თანამედროვე კვლევის მეთოდებით; 100 ჯიშზე მეტი გამოიცადა ჭრაქის მიმართ გამძლეობაზე; ყველა შესწავლილი ჯიშის აღწერასა და დახასიათებაში გამოყენებული იქნა ცალკეული ორგანოების ფოტოსურათების ნაკრები. შედეგად, გაიზარდა შესწავლილი ვაზის ქართული ჯიშების რაოდენობა, რომელთაგან პერსპექტიულებს მიეცათ რეკომენდაცია კულტივირებისათვის და სელექციურ პროგრამებში ჩასართველად თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი ჯიშების გამოყვანის მიზნით;

ჯიშების ამპელოგრაფიული, აგრონომიული, ფენოლოგიური, ბიოქიმიური  და ენოლოგიური მასალა გაერთიანდა ლოკალურ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში. გამოცემული იქნა ვაზის ჯიშების ორი ილუსტრირებული კატალოგი 24 ფართოდ გავრცელებული ჯიშის აღწერით პრაქტიკოსი მევენახეებისათვის და 152 საკოლექციო ჯიშის დახასიათებით ფართო ამპელოგრაფიული საზოგადოებისათვის; პროექტის შედეგებზე დაბეჭდილია 7 სამეცნიერო სტატია.

პროექტის შედეგების და გენოფონდის პოპულარიზაცია ხდებოდა პრეზენტაციების, კონფერენციების და პუბლიკაციების საშუალებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც ზრდის საზოგადოებრივ ინტერესს მათდამი. შედეგად მივიღეთ ა) უცხოელ მეცნიერთა დაინტერესება ჩვენი გენოფონდით და მონაწილეობა ევროპულ პროექტებში COST FA1003 და YESVITE. ბ) ქართველ მიწათმოქმედთა შორის ვაზის იშვიათი, საკოლექციო ჯიშებისადმი ინტერესის ზრდა. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ანალოგიური აქტივობები შენარჩუნებული იქნება მომავალ წლებშიც ქართული გენოფონდის პოპულარიზაციისათვის.