შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

„ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა და დიგიტალიზაცია“

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით : „ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა და დიგიტალიზაცია“.

  • პროექტის ხელმძღვანელი: ია ღადუა, ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის უნიკალური წიგნების ფონდის კურატორი.
  • ძირითადი პერსონალი: თეა თვალავაძე, სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე; 2. ნანი კიკნაძე, სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე - ფონდების მთავარი მცველი; 3. მარინე ყიფიანი, სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის კურატორი.

 სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა კოლექცია უმნიშვნელოვანესია მრავალფეროვნებითა და სიუხვით. მასში დაცულია ფილოსოფიურ-რელიგიური ხელნაწერი წიგნები, სიგელ-გუჯრები, ისტორიული დოკუმენტები, მხატვრული ნაწარმოებები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, პირადი მიმოწერა თუ მემუარები, რომლებიც  უაღრესად საჭირო რესურსს წარმოადგენს როგორც კვლევით, ისე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში. ავთენტური დოკუმენტების ხელმისაწვდომობა კი დღესდღეობით სერიოზული პრობლემაა მკვლევართათვის. ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ლიტერატურის მუზეუმის მიერ განხორციელებულ პროექტს, რომლის შედეგადაც შეიქმნა ორი ტიპის პროდუქტი – წიგნი და ელექტრონული ბაზა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროსა და გარემოში გამოიყენონ მათთვის საჭირო და სწავლება-კვლევისთვის აუცილებელი მასალები.

პროექტის ფარგლებში აღიწერა და დასკანერდა 2636 ხელნაწერი (რომელიც მთლიანი ფონდის დაახლოებით 5%-ს შეადგენს) და შეიქმნა მათი დიგიტალური ვერსიები, რომლებიც განთავსდა მუზეუმის ვებგვერდზე. მათ საფუძველზე კი ეტაპობრივად მომზადდა ხელნაწერთა აღწერილობის 4 წიგნი, რომლებშიც ხელნაწერები ქრონოლოგიური პრინციპითაა მოცემული.

პირველ წიგნში წარმოდგენილია XII-XIX საუკუნეების სახარებები, სასულიერო კრებულები, სიგელ-გუჯრები, „ვეფხისტყაოსნის“ განხვავებული რედაქციის შემცველი ხელნაწერები, სამართლის წიგნები, კარაბადინები, გენეალოგიები, განჩინებები, წერილები; მეორე წიგნში მოცემულია ნიკოლოზ  ბარათაშვილის, თეკლა ბატონიშვილის, ალექსანდრე, ვახტანგ, დიმიტრი, მარიამ და გრიგოლ ორბელიანების, დიმიტრი, ნიკოლოზ, კონსტანტინე, ელენე და ნინო ყიფიანების ხელნაწერთა აღწერილობები; მესამე წიგნში შესულია გიორგი, დავით, რაფიელ და ელიზბარ ერისთავების, ალექსანდრე, ეკატერინე და დავით ჭავჭავაძეების, ალექსანდრ ნიკოლაისა და ილია ჭავჭავაძის არქივების აღწერილობები; ხოლო მეოთხე წიგნში წარმოდგენილია აკაკი და გიორგი წერეთლების, იაკობ გოგებაშვილისა და ივანე კერესელიძის ნაწარმოებები, პირადი და ოფიციალური მიმოწერა, თარგმანები, მოგონებები, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები.

წიგნში ყოველ ხელნაწერს ერთვის პირთა და გეოგრაფიული საძიებლები, რათა მომხმარებელმა სწრაფად და უპრობლემოდ მიიღოს მისთვის საჭირო მასალა. ქრონოლოგიურად დალაგებული ხელნაწერთა აღწერილობა კი ერთიან დროის ჩარჩოს ქმნის, რომელშიც ცხადად შეინიშნება ამა თუ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ორიენტირები. ამასთანავე, აღწერილობაზე მუშაობის პროცესში განხორციელებულმა ატრიბუციამ და დათარიღებამ გამოკვეთა ახალი კვლევის აუცილებლობა ლიტერატურათმცოდნეობის თვალსაზრისით. ამ კუთხით განსკუთრებით აღსანიშნავია პირადი წერილები და მოგონებები, რომლებშიც დაცული ინფორმაცია, ფაქტობრივად, უცნობია მკვლევრებისთვის და მათ შესახებ პროექტის მეშვეობით გახდა ცნობილი.

საძიებო სისტემით შექმნილი ხელნაწერთა ელექტრონული ბაზა განთავსებულია მუზეუმის ვებგვერდზე. რადგანაც ლიტერატურის მუზეუმის კოლექცია ყოველწლიურად იზრდება, ბაზის განახლება შესაძლებელი იქნება ყოველი ახალი მასალის მოპოვებისას. ხელნაწერთა ელექტრონული ბაზა ასევე, საუკეთესო წყაროა უცხოელი მეცნიერებისთვის, რომელთათვის საქართველოში დამზადებული ბეჭდური პროდუქცია უმეტეს შემთხვევაში უცნობი და ხელმიუწვდომელია.

ლიტერატურის მუზეუმში დაცული ხელნაწერების აღწერილობა (წიგნითაც და ელექტრონული ბაზითაც) საშუალებას აძლევს მკვლევარს, პედაგოგსა თუ  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მარტივად, დაუბრკოლებლად და მაქსიმალურად სწრაფად ისარგებლოს იმ უნიკალური კოლექციით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მდიდრდებოდა და შესაბამისად, საუკეთესო წყაროს წარმოადგენს ლიტერატურის, თარგმანის ისტორიის, სამართლის ისტორიის, მედიევისტიკის, ლინგვისტიკისა და ქართულ-უცხოური ურთიერთობების მკვლევართათვის.