საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)
2022 წლის 25-31 მაისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მასპინძლობს საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას: “აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“. პროექტი ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2021 წლის გრანტის” ფარგლებში (საგრანტო ხელშეკრულება №OTG-II-21-080).
სკოლის მიზანია საქართველოს განუყოფელი ნაწილის, მისი ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის – ისტორიის გააზრება შუა საუკუნებიდან დღემდე, სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამება, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა აფხაზეთის ისტორიული და კულტუროლოგიური კვლევების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება.
სკოლის სამუშაო პროგრამა მოიცავს 5 სასწავლო მოდულს: 1. ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“; 2. აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე; 3. საეკლესიო პროცესები აფხაზეთში; 4. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა; 5. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში. სასწავლო მოდულების ფარგლებში სკოლა მსმენელებს სთავაზობს: ლექციებს (ადგილობრივი და გასვლითი), დისკუსიებს (პანელურ და მრგვალი მაგიდის ფორმატში); სკოლის ლოგიკური დასრულებაა სკოლის მონაწილეთა საკუთარი კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
სკოლის მსმენელებს თავიანთი კვლევების შედეგებსა და მეთოდოლოგიას უზიარებენ ცენტრის წამყვანი მეცნიერები და მოწვეული ქართველი და უცხოელი მკვლევარები.