შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

საქართველოს ტერიტორიაზე კარსტული ფენომენების ფორმირების (გენეზისის) პირობების დადგენა და გამოვლენილი მღვიმური სისტემების ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების პერსპექტივები

2013 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით : საქართველოს ტერიტორიაზე კარსტული ფენომენების ფორმირების (გენეზისის) პირობების დადგენა და გამოვლენილი მღვიმური სისტემების   ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების პერსპექტივები.

 

  • როექტის ხელმძღვანელი: ნანა ბოლაშვილი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი, გეოგრაფიის დოქტორი

საქართველოს ალ. ჯავახიშვილის სახ. გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი

გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის სამეცნიერო საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი

 

  • ძირითადი პერსონალი :

              კუკური წიქარიშვილი 

 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს სპელეოლოგთა კლუბის თავმჯდომარე, გეოგრაფიის დოქტორი.

               გივი ჯაში 

 ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი,  გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

               ავთანდილ თარხნიშვილი

 ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი,  გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორი.

               დავით ოდილავაძე

 ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი,  ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი.

               ლაშა ასანიძე

 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერი, გეოგრაფიის დოქტორი.  

 

საქართველოს სპელეოტურიზმის განვითარებისათვის დიდი პერსპექტივები გააჩნია.  ჩვენს ქვეყანაში გამოკვლეული კარსტული მღვიმეების რიცხვი 1400 აღწევს, თუმცა მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად მეტია, რადგან კარსტვადი ქანების გავრცელების მიხედვით საქართველო დედამიწის ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია. აქ იკარსტება როგორც ზედაიურული, ასევე ცარცული სისტემისა და ქვედა პალეოგენის ყველა იარუსი და ქვეიარუსი, რასაც  განაპირობებს საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური და გეოტექტონიკური აგებულება და მისი გეოლოგიური განვითარების ისტორია.

 კარსტული მღვიმეები მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს ტურისტული ინდუსტრიისათვის. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში სპელეოტურიზმი დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას მნიშვნელოვანი შემოსავალიც მოაქვს სახელმწიფოსათვის.

  პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მაღალმთიანი კირქვული მასივების გამოკვლევა და გამოვლენილი მღვიმური სისტემების     ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების პერსპექტივების დადგენა.  გამოყენებული იქნა კვლევის გეოგრაფიული და გეოფიზიკური მეთოდები, სპეციალური აპარატურა - გეორადარი Zond 12e. იგი წარმოადგენს თანამედროვე ხელსაწყოს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მაღალი სიზუსტით გამოვლინდეს კარსტული პროცესების მოქმედების შედეგად წარმოშობილი სიცარიელეები, წყლის ფილტრაციული პროცესები და სხვ. ასევე გამოყენებული იქნა ძიების ელექტრომეტრული მეთოდები მუდმივი დენის გამოყენებით, რომელიც ხვედრითი ელექტრული წინააღმდეგობის მიხედვით საკმაოდ დიდი სიზუსტით ახდენს შესასწავლი გარემოს დიფერენციაციას, კირქვების სიმძლავრისა და ფართის დადგენას, ნაპრალური სტრუქტურების გამოვლინებას და ფილტრაციული ნაკადების მიმართულების დადგენას.

პროექტის განხორციელების პერიოდში კომპლექსური კარსტულ-სპელეოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა სამეგრელოს (მიგარია, წიფურია),  ზემო იმერეთის, რაჭისა და ეკის მთის კირქვულ  მასივებზე.

 ინდიკატორული ექსპერიმენტების საფუძველზე განისაზღვრა მიკვლეული  კარსტული მღვიმური სისტემების კვების აუზების საზღვრები და მიწისქვეშა ნაკადების სავარაუდო მიმართულებები. განხორციელდა მათი ტოპოგრაფიული აგეგმვა.

   ჩატარებული კვლევის შედეგებით დადგინდა საქართველოს მთიანი კარსტული მღვიმეების კლიმატური რეჟიმის ძირითადი კანონზომიერებანი და მღვიმური ატმოსფეროს ელექტრობის ზოგიერთი ელემენტის, აეროზოლებისა და ჰაერის აირული შემადგენლობის მდგომარეობა.

შედგა საკვლევი ტერიტორიის ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმების განლაგების სიტუაციური გეგმა.

   შესწავლილ იქნა ძირითადი ვოკლუზური წყაროებისა და მღვიმური ნაკადების ქიმიური შემადგენლობა და მათი ჰიდროქიმიური რეჟიმი.

     პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კირქვულ მასივებზე მიკვლეული და კადასტრირებული მღვიმეებიდან, ჩვენს მიერ კომპლექსური კვლევების საფუძველზე, სპელეოტურისტული მიზნებისათვის შეირჩა ოცამდე პერსპექტიული კარსტული მღვიმე (შურუბუმუ-დეიძახის კარსტული ფენომენები, ზაქარიასკლდე, მურადის მღვიმე, სოლკოტა, ძუძუანა და სხვ.), რომელთა კეთილმოწყობა და სპელეოტურიზმის ინდუსტრიაში ჩართვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, რაც თავის მხრივ ახალი ადგილობრივი და საერთაშორისო სპელეოტურების შექმნის პერსპექტივასაც იძლევა.  პროექტის ფარგლებში მიკვლეული მანამდე უცნობი მღვიმური სისტემები (საადამიოს წყლიანი დერეფანი - 800 მ; საწულეისკირო და სხვ.) შეტანილ იქნა აშშ-ს ახალი გეოგრაფიული აღმოჩენების საერთაშორისო ბაზაში. ხოლო სამხრეთ იმერეთში (ვანის რ-ნი, სოფ. ბზვანში) აღმოჩენილმა მღვიმემ (სიგრძე დაახლ. 300 მ) დასავლეთ საქართველოს კარსტული ზოლის მიღმა სპელეოლიტერატურაში მანამდე  უცნობი (მცირე ფართობის მქონე) კირქვული მასივის არსებობა დაადასტურა. ბაღდადის რ-ნი, ხანისწყლის ხეობაში, კაკას ხიდთან აღმოჩენილი იქნა ამ რაიონისათვის პირველი, ამასთანავე მნიშვნელოვანი სიდიდის  მღვიმე, რომელიც განვითარებულია ვულკანურ ქანებში, მოითხოვს დამატებით კვლევებს. ეს აღმოჩენები იმითია მნიშვნელოვანი, რომ სამხრეთ იმერეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ბაღდათისა და ვანის რ-ბში მანამდე არ იყო ცნობილი მღვიმის არსებობა; 

საკვლევ ტერიტორიებზე მღვიმური სისტემების და კარსტული წყლების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა კვლევის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი და გამოითქვა შესაბამისი დასკვნები:

მდ. ხობის ხეობაში (მიგარიას მასივის დასავლეთი ნაწილი), კერძოდ, შურუბუმუს მღვიმის და დეიძახის ვოკლუზური წყაროების მიდამოებში დაფიქსირდა მიგარიას მასივზე ფორმირებული  მიწისქვეშა კარსტული ნაკადების განტვირთვის  ძირითადი მიმართულებები, სადაც მოსალოდნელია დიდი მოცულობის მღვიმური სისტემების არსებობა. მომავალში ჩვენი საექსპედიციო ჯგუფის მიერ აქ დაგეგმილი შეღებილი წყლების ტრასირების ექსპერიმენტები ვიმედოვნებთ ამ მოსაზრების სასარგებლოდ     (დადებითად) გადაწყდება. აღნიშნული სისტემის გახსნისათვის მეცნიერული და პრაქტიკული სამუშაოები დიდი ხანია დაწყებულია და მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

მდ. შიქშას ხეობაში ჩატარებული კომპლექსური კვლევები საფუძველს გვაძლევს რეკომენდაცია გავუწიოთ ამ რეგიონში წყლის საგუბარის ან წყალსაცავის მოწყობას. მისი მოწყობა მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, გამორიცხულია მეწყრის ან ბუნების სხვა უარყოფითი მოვლენის განვითარება. წყალსაცავი იქნება გამდინარე და  მუდმივად განახლებადი. ამრიგად, წყალსაცავს ექნება მრავალფუნქციური დატვირთვა - დასვენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, თევზის მოსაშენებელ - სამრეწველო და ა. შ. ჩვენი აზრით, აღნიშნული წყალსაცავის მოწყობა მნიშვნელოვნად გაზრდის რაიონის ტურისტულ-რეკრეაციულ და ეკონომიკურ პოტენციალს.

ეკის კირქვული მთის ჩრდილო ფერდობზე მდებარე საადამიოს მღვიმეში, პირველად მოხდა ლიტველ სპელეოაკვალანგისტებთან ერთად შეღწევა და 280 მ-ი მღვიმური სისტემის შესწავლა. ლიტველი და ქართველი სპელეომყვინთავების ერთობლივი კვლევების შედეგად პრომეთეს მღვიმის სანაოსნო მონაკვეთში მიკვლეული იქნა 300 მეტრამდე სიგრძის წყლითა და ჰაერით გამოვსებული უცნობი სიფონური მონაკვეთი. დეტალური ინფორმაცია გადაეცა დაცული ტერიტორიების დეპარტამენტს.

მომავალში კვლევები უნდა გაგრძელდეს ალპინისტ-სპელეოლოგების ფართო ჩართულობით, რათა მოხდეს ეკის მთის კარსტული ვერტიკალური სიღრუეების დაძლევა-გამოკვლევა. ჩვენი ვარაუდით ამ ვერტიკალურ სისტემებთან უნდა იყოს დაკავშირებული საადამიოს ჩვენს მიერ შესწავლილი მღვიმური სისტემა. ამასთან, არ გამოვრიცხავთ, სწორედ აერაციის ზოლში, რომელიც გადის საადამიოს მღვიმის ზედა საფუძველზე, გამოვლინდეს მნიშვნელოვანი მოცულობის სიღრუეები.

მიგარიას და ეკის მთის მასივები საკმაოდ სოლიდური პოტენციალის მქონეა. აქ წარმოდგენილი კარსტული მდინარეები და ნაკადები, ვოკლუზური წყაროები, მიწის წიაღიდან ამოსული კარსტული წნევიანი და თერმული წყლები, მიწისქვეშა და ზედაპირული კარსტული ფორმები, კირქვის სვეტები და სხვა ეროზიის მოწმეები, ღრმა კანიონები, ულამაზესი ჩანჩქერები, მღვიმეები, ჭები, შახტები და უფსკრულები, გადაადგილებული (ერატიული) ლოდები, ენდემური მცენარეები, ხუროთმოძღვრების ძეგლები და ა. შ. ერთობლიობაში წარმოადგენს საუკეთესო რეკრეაციულ რესურს.

რაც შეეხება პროექტის შედეგების მიმართებას სხვა დისციპლინებთან, პროექტის განხორციელებისას ჩვენი ჯგუფის მიერ მღვიმეებში ნაპოვნი იქნა რკინის ჰემატიტის შრეები. ნიმუშები გამოსაკვლევად გადაეცა ქართულ-ბრიტანული არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ ბრაიან გილმოურს. მისი ხელმძღვანელობით წარმოებს კვლევები ჩხოროწყუს ტერიტორიაზე არსებული უძველესი რკინის სახელოსნოების  (ჩ.წ. აღრიცხვამდე IX ს.).მათი  ექსპედიციების მიერ ხობისწყლის და ოჩხომურის ხეობებში ათეულობით უძველესი რკინის სახელოსნო იქნა ნაპოვნი, მაგრამ ნედლეულის საკითხი  გაურკვეველი იყო. ამდენად ზესნახესა და მდინარე ხურუს სათავეებთან ნაპოვნ რკინის ჰემატიტს განსაკუთრებული მეცნიერული ღირებულება გააჩნია და დიდ დახმარებას გაუწევს მეცნიერებს უძველესი რკინის მეტალურგიის საკითხების კვლევის საქმეში.

პროექტის განხორციელების შედეგად ახლად აღმოჩენილი  მღვიმეებით შეივსო საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი. პროექტის ძირითადმა მონაწილემ მოამზადა სადოქტორო დისერტაცია. პროექტზე მუშაობის პროცესში აღმოჩენილი მღვიმეებისა და ბუნების სხვა არაორგანული ძეგლების (მაგ. დიდი ზომის გადაადგილებული ლოდები, ჩანჩქერები და სხვ.) შესახებ ინფორმაციები მიეწოდა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს და დაცული ტერიტორიების დეპარტამენტს, მათი ბუნების ძეგლად გამოცხადებისა და ტურისტულ მარშრუტებში შეტანის მიზნით. ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ „შურუბუმუს“ მღვიმესთან დაიწყო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა - დაიდგა ღამის გასათევი კოტეჯები, შეკეთდა მღვიმესთან მისასვლელი ხიდი და ა.შ. ასევე, გასუფთავდა „დეიძახის ლოდი“-ს მიმდებარე ტერიტორია. მას ხშირად სტუმრობენ სკოლის მოსწავლეები, ჩატარდა რამოდენიმე საგანმანათლებლო გაკვეთილი.

ამრიგად, აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული კვლევის ასპექტები და სათანადო შინაარსის მორიტორინგის ორგანიზაცია განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ მეცნიერულთან ერთად მოგვცემს ფართო არეალს პრაქტიკული შედეგების მიღებისთვისაც.

   თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული სარეკოგნოსცირო სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ საქართველოს სხვადასხვა კირქვულ მასივებზე უკვე გამოვლენილი და ჩვენს მიერ სპელეოტურიზმისათვის შერჩეული კარსტული მღვიმეების დეტალური, კომპლექსური გამოკვლევები სასურველ შედეგს გამოიღებს და ჩვენს ქვეყანას ახლო მომავალში კეთილმოწყობილი ახალი ათონისა და პრომეთეს (წყალტუბოს) მღვიმეების მსგავსი საერთაშორისო რანგის მქონე სპელეოლოგიური ობიექტები შეემატება, რაც ახალი საერთაშორისო სპელეოტურების შექმნის საშუალებას მოგვცემს. საჭიროა  გაგრძელდეს მღვიმეების კომპლექსური, გეგმაზომიერი სპელეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები. ამრიგად, აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული კვლევის ასპექტები და სათანადო შინაარსის მორიტორინგის ორგანიზაცია განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რამდენადაც მეცნიერულთან ერთად მოგვცემს პრაქტიკულ შედეგებსაც მივიღებთ.