შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები - საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2014 წლის  ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი :შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის  ძეგლები -  საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები , ხელმძღვანელი : ნათია დემურიშვილი.(ისტორიის დოქტორი)

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი 2001 წლიდან. აღმოსავლური კოლექციების ასისტენტ-კურატორი. აღმოსავლური ხელოვნების  შესახებ  ლექციებს კითხულობს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს უნივერსიტეტში.

ნ. დემურიშვილის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს აზიის ქვეყნების, კერძოდ, შორეული აღმოსავლეთის (ჩინეთი, იაპონია, კორეა) ხელოვნებისა და კულტურის თავისებურებათა კვლევას. მუშაობს შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ძეგლთა ინტერდისციპლინარული კვლევების მიმართულებით, იკვლევს  ჩინური კულტურის როლს აღმოსავლურ კულტურათა და ცივილიზაციათა ფორმირებაზე, სწავლობს შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების რელიგიურ-ფილოსოფიური განვითარების თავისებურებებს, კულტურათა ურთიერთგავლენებს  და სხვ.  

 სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო თუ ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებში.  არის 30-ზე მეტი  სამეცნიერო სტატიის, მონოგრაფიის, კატალოგის ავტორი .

პროეტის ძირითადი პერსონალი:

მარინა დგებუაძე -აღმოსავლეთმცოდნეობის მაგისტრი. აღმოსავლური კოლექციების კურატორი. მუზეუმის თანამშრომელი 1972 წლიდან. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს აზიის  ქვეყნების ისტორიის და ხელოვნების თავისებურებების კვლევას. სწავლობს საქართველოს და აღმოსავლური სამყაროს ისტორიულ-პოლიტიკურ და სოციალურ - კულტურულ ურთიერთობებს. მუშაობს საარქივო დოკუმენტაციაზე, იკვლევს საფონდო კოლექციების წარმომავლობას და მუზეუმში კოლექციათა დაუნჯების ისტორიას. მუშაობს აღმოსავლურ კოლექციებში დაცული ხელნაწერების, მინიატიურებისა და ეპიგრაფიკული ძეგლების ატრიბუციაზე. არის 20-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის, სამეცნიერო კატალოგის და მონოგრაფიის ავტორი.

ირინა გუგუნავა -ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი 2003 წლიდან. აღმოსავლური კოლექციების ასისტენტ-კურატორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს აზიის ქვეყნების დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განვითარების ეტაპებისა და თავისებურებების კვლევას. კურირებს აღმოსავლური ლითონის ფონდს.

ი.გუგუნავა იკვლევს და აქვეყნებს სტატიებს აღმოსავლური ქვეყნების, პრიორიტეტულად ლითონის კოლექციებზე: სწავლობს შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების (ჩინეთი, იაპონია) და ინდოეთის ბუდისტურ  კოლექციებს, სარიტუალო პლასტიკას, ჭურჭელს და სხვ.

სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო თუ ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებში. არის 10-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის ავტორი.

მარინე ალექსიძე -ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს ირან-საქართველოს ურთიერთობებს XVII-XIX სს-ში. პროექტის ფარგლებში იკვლევს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლურ კოლექციებში დაცულ ინდო-სპარსულ ექსპონატებს. მუშაობს  ინდო-სპარსულ ეპიგრაფიკასა და სიმბოლიკაზე. არის 5 მონოგრაფიის და 30-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის ავტორი.

შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის  ძეგლები -  საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ინდოეთის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების – ჩინეთისა და იაპონიის ხელოვნებისა და კულტურის ამსახველი  ფასეული კოლექცია, რომლის ქრონოლოგიური და გეოგრაფიული სპექტრი უაღრესად ფართოა.

მიუხედავად საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის ძლიერი სკოლის არსებობისა, შორეული აღმოსავლეთის და ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური შესწავლა სათანადოთ არ განხორციელებულა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შესაძლებელი გახდა ამ ხარვეზის შევსება. სამწლიანი პროექტის ფრაგლებში მიმდინარეობს მუზეუმში  დაცული შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების – ჩინეთისა და იაპონიის, აგრეთვე ინდოეთის მატერიალური კულტურის ამსახველი ძეგლების ატრიბუცია, საქართველოს და აღმოსავლური სამყაროს ისტორიული და სოციალურ - კულტურული ურთიერთობების  შესწავლა, სამუზეუმო კოლექციების პოპულარიზაცია და ა.შ.

გრანტის ფარგლებში განხორციელდა  ხელოვნების ნიმუშთა კვლევა, კლასიფიკაცია, სრული  დიგიტალიზაცია და პასპორტიზაცია. საინიციატივო ჯგუფი სამეცნიერო კვლევებს ახორციელებს მრავალი მიმართულებით. პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ     საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა (თსუ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი) მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო  კონფერენციებში, ასევე უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ინსტიტუციებში მოწყობილ სამეცნიერო სესიებში (სახელმწიფო ერმიტაჟი, რუსეთი; კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) სადაც საზოგადოებას წარვუდგინეთ გრანტის  ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო სიახლეები.

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა   კოლექციათა წარმომავლობის ისტორიის მოძიება.  გრანტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა იმ მდიდარი ისტორიული დოკუმენტაციის  დამუშავება, რომელიც მუზეუმის არქივშია  დაცული. 

როგორც ცნობილია,  ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა ე.წ. აბრეშუმის გზა, უმნიშვნელოვანესი სავაჭრო--საქარავნო მაგისტრალი, სწორედ  ამ გზის დამსახურებით,  საქართველოში შორეული წარსულიდან იცნობდნენ და აფასებდნენ აღმოსავლურ კულტურას.  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ჩინური, იაპონური თუ ინდური ხელოვნების ნიმუშები  საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ  საქართველოსა და აღმოსავლური სამყაროს სავაჭრო-კულტურული ურთიერთობების  ისტორიას.  იმავდროულად, ჩვენი კოლექციის დარგობრივი მრავალფეროვნება შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ შორეული აღმოსავლეთისა და ინდური ხელოვნების ინდივიდუალიზმი და  მხატვრული ესთეტიკა.

გრანტის ფარგლებში დადგინდა ცალკეულ კოლექციათა წარმომავლობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა XVIII-XIX საუკუნეებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინამორბედი კავკასიის მუზეუმის თანამშრომელთა მიერ ორგანიზებულ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს, რომლის შედეგადაც, როგორც  არქივის კვლევამ აჩვენა,  ჩვენს მუზეუმში თავი მოიყარა ჩინური ბუდისტური პლასტიკის უნიკალურმა კოლექციამ, შუა საუკუნეების ჩინურმა ფერწერამ, კარამიკამ, აგრეთვე ინდურმა ქსოვილებმა და სხვ.   საარქივო დოკუმენტაციის კვლევამ გამოავლინა აგრეთვე XIX-XX სს-ის სამუზეუმო შესყიდვების დეტალები;,  უამრავი მეცენატი,  რომლებმაც უსასყიდლოდ გადმოსცეს მუზეუმს ჩინური, იაპონური თუ ინდური ხელოვნების ძვირფასი ნუმუშები და  კოლექციები და ა.შ.

უმნიშვნელოვანესია  გრანტის ფარგლებში დაგეგმილი და სწორედ გრანტის სახსრებით განხორციელებული  სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები,  რომლებიც ჩაუტარდა იმ ჩინურ, იაპონურ და ინდურ ექსპონატებს, რომელთა მდგომარეობა სავალალო იყო.  100-ზე მეტ სამუზეუმო ნივთს დაუბრუნდა ახალი სიცოცხლე მუზეუმის პროფესიონალ  რესტავრატორთა წყალობით.

კვლევის დასკვნით ეტაპზე, დაგეგმილია მასალათა ინტერნეტ-სივრცეში განთავსება, რათა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საუკეთესო ექსპონატები ხელმისაწვდომი და ცნობილი გახდეს ფართო საზოგადოებისათვის. იგეგმება თემატური გამოფენაც, სადაც  გამოიფინება საქართველოს მუზეუმებში დაცული შორეული აღმოსავლეთის და ინდური ხელოვნების, როგორც რესტავრირებული, ისე  აქამდე უცნობი და მნიშვნელოვანი ექსპონატები. მზადდება მონოგრაფიაც, რომელიც  გააერთიანებს  პროექტის ფარგლებში დასახულ მეცნიერულ კვლევებს და განხორციელებული სამუშაოს ანგარიშებს,  ვფიქრობთ, პროექტის შედეგები მცირედით მაინც შეავსებს იმ ვაკუუმს, რაც საქართველოში აღმოსავლეთის ცივილიზაციათა ხელოვნების და კულტურის შესწავლის სფეროში არსებობს.