შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

თავის ტვინის აღმასრულებელი სისტემების დისფუნქციის კვლევა ნევროლოგიური დაავადებების დროს საქართველოში

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2013 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით : თავის ტვინის აღმასრულებელი სისტემების დისფუნქციის კვლევა ნევროლოგიური დაავადებების დროს საქართველოში.

პროექტის ხელმძღვანელი: ზურაბ ნადარეიშვილი - ჯონს ჰოპკინსის სამეცნიერო ქსელის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ინსულტის ცენტრის სამედიცინო დირექტორი,   მარინა ჯანელიძე-  პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო  კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ძირითადი პერსონალი:  ნაზიბროლა ბოჭორიშვილი,  ნინო მიქავა,  ნინა მიქელაძე, მარიამ ქაფიანიძე, ანა ძაგნიძე,   ირინა ხატიაშვილი

უკანასკნელი 2 ათწლეულია დემენციების შესწავლაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა შემეცნებითი დისფუნქციის ადრეული ნიშნების შეფასების პრობლემამ. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა თავის ტვინის აღმასრულებელ ფუნქციას- სისტემას, რომელიც აკონტროლებს და   მართავს   შემეცნებით პროცესებს: მეხსიერებას, ყურადღებას, საკითხის გადაწყვეტის და მსჯელობის უნარს, სხვადასხვა მოქმედებების ერთდროულად დაგეგმვას და მათ დაწყებას. აქტუალური გახდა კოგნიტური უნარმოსილების იმ გარდამავალი ეტაპის კლინიკური შეფასება, რომელიც ნორმალურ დაბერებას მიჯნავს შემეცნებითი უნარ-ჩვევების პათოლოგიური დაქვეითებისაგან.  ამ მდგომარეობის აღსანიშნავად ნევროლოგიურ ლიტერატურაში ფართოდ დამკვიდრდა ტერმინი მსუბუქი კოგნიტური დაზიანება.         

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გრანტის მეშვეობით შესაძლებელი გახდა შეგვერჩია და ქართულ ენაზე გვეთარგმნა აღმასრულებელი ფუნქციების შეფასების ტესტების ბატარეა  და მსუბუქი კოგნიტური დაზიანების გამოვლენის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი- მონრეალის კოგნიტური შეფასების სკალა. მოხდა ამ ინსტრუმენტების  ადაპტაცია და ვალიდაცია ქართულენოვან მოსახლეობაში. კვლევამ  მოიცვა საქართველოს პოპულაციის განსხვავებული  ასაკობრივი ჯგუფები და გეოგრაფიული რეგიონები. ამასთან ერთად,   შესაძლებელი გახდა შეგვეფასებინა საქართველოს მოსახლეობაში მსუბუქი კოგნიტური დაზიანების გავრცელების სიხშირე. კვლევის მონაცემები გამოქვეყნდა  ჟურნალში  American Journal of Alzheimer’s disease and other Dementias, 2017, 32(1).      საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისათვის გამოიცა კლინიკური გზამკვლევი “მსუბუქი კოგნიტური დაზიანება”, რომელიც ექიმებს და მკვლევარებს საშუალებას მისცემს გაეცნონ  ამ შემეცნებითი დისფუნქციის შეფასების ნეიროფსიქოლოგირი მეთოდებს. გრანტის ფარგლებში ხორციელდება ორი სადოქტორო პროგრამა, რომელთა წინასწარი მონაცემები წარდგენილ იქნა საერთშორისო კონფერენციებზე ბარსელონასა და ამსტერდამში გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო  ფონდის  დახმარებით, დღეს  საქართველოში შესაძლებელია შემეცნებითი  დისფუნქციის ადრეული ეტაპების თანამედროვე დონეზე შეფასება, რაც  ადექვატური კორექციის წინაპირობას წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ გრანტის ფარგლებში შეძენილ იქნა უნიკალური ინგლისურენოვანი  ნეიროფსიქოლოგიური ტესტები, რომელთა თარგმნა და ადაპტაცია მკვლევართა ახალ თაობების წინაშე დიდ პერსპექტივას გაშლის საქართველოში კოგნიტური დაზიანების მრავალფეროვანი ასპექტების  კვლევის საკითხში.  პროცესში დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ში მოღვაწე ჩვენმა კოლეგამ ზურაბ ნადარეიშვილმა.