იტალიელი ისტორიკოსი ფრანჩესკო ტრეჩი
ფრანჩესკო ტრეჩი - იტალიელი ისტორიკოსი, მწერალი, საქართველოს, მისი კულტურის, ქართული ენის პოპულიზატორი: „საქართველო 25 წლის წინ აღმოვაჩინე იტალიურ ჟურნალში სტატიის წაკითხვისას. სტატიაში ჟურნალისტი ამბობდა, რომ საქართველოში საუბრობენ უნიკალურ ათასწლოვან ენაზე, აქვთ უძველესი ანბანი, ქართველები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან. ამ სტატიის წაკითხვისას შემიყვარდა საქართველო.
ამ მიზეზით გადავწყვიტე საქართველოს ისტორიის შესწავლა ფლორენციის უნივერსიტეტში 2002 წელს. პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი. 2003 წელს დაწერილი სადიპლომო ნაშრომის თემად საქართველოს ისტორია ავირჩიე („საქართველოს ისტორია 1989 წლიდან 2000 წლამდე“.). საქართველოში პირველად 2003 წელს ჩამოვედი და ამ წლების განმავლობაში უკვე 15-ჯერ ვიყავი თქვენს ქვეყანაში. მოვინახულე ყველა ულამაზესი რეგიონი, კუთხე. 2010 წელს ავიღე მეორე სამეცნიერო ხარისხი შუა საუკუნეების ისტორიაში, ისევ ფლორენციის უნივერსიტეტში, დავწერე მეორე დისერტაცია საქართველოს შესახებ: „საქართველოს ისტორია IV-XIII საუკუნემდე“; დამეხმარა პროფესორი გაგა შურღაია,რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის ნეაპოლის უნივერსიტეტში. შემდეგი 5 წელი ნეაპოლში მასთან ვსწავლობდი ქართულ ენას, ახლა ქართულად ვსაუბრობ და ვწერ.
წლების განმავლობაში იტალიაში ქართველი ემიგრანტების რაოდენობა იზრდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ საქართველოს თითქმის არავინ იცნობს.
ამიტომ გადავწყვიტე 2016 წელს დამეწერა „საქართველოს ისტორია“, მოკლე ნარკვევი იტალიურ ენაზე საქართველოს ისტორიის შესახებ მისი წარმოშობიდან დღემდე, ხოლო 2017 წელს გამოვეცი წიგნი „საქართველო, ქვეყანა, რომელიც ღმერთს თავისთვის სურდა“. ვინაიდან ამ წიგნებმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, 2023 წელს გამოვაქვეყნე ჩემი მესამე წიგნი სახელწოდებით "SAKARTVELO", რომელიც, ყველა თვალსაზრისით, საქართველოს, ამ უნიკალური, თვითმყოფადი ქვეყნის პრეზენტაციაა იტალიურად. ამ წიგნში მოცემულია საქართველოს ყველა ულამაზესი კუთხის 100 ფერადი ფოტო, მისი ისტორია, კულტურა, ტრადიცია, გასტრონომია ... ჩემი მიზანია გავაცნო საქართველო იტალიელებს.
ამ წიგნების მრავალი პრეზენტაცია გავმართე მთელ იტალიაში. ყველა მათგანს ვაწინაურებ "SOCIAL NETWORKS"-ის საშუალებით, საკუთარი სახსრებით. ჩემს საქმიანობას განუწყვეტლივ ვაგრძელებ, არაერთი ჩანაფიქრი მაქვს და სექტემბერში ვგეგმავ პირველ ჯგუფურ მოგზაურობას იტალიელებისთვის საქართველოში. ჩემი დევიზი ამ წლებში იყო და არის: გავაცნოთ საქართველო იტალიელებს და მოვიყვანოთ იტალიელები საქართველოში! ყველამ იცის, რომ საქართველოსთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები! ჩემი ოცნებაა თქვენი ქვეყნის საპატიო მოქალაქეობა. მყავს იტალიელი მეუღლე, რომელიც ორჯერ არის ნამყოფი საქართველოში და ორი ქალიშვილი. უმცროს ქალიშვილს საქართველოს სიყვარულით ჯორჯა დავარქვი”.