ქართული კულტურის, მეცნიერების პოპულიზატორი ნუნუ გელაძე
ნუნუ გელაძე - მთარგმნელი, ჟურნალისტი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. იტალიურიდან ქართულად და ქართულიდან იტალიურად თარგმნილი აქვს არაერთი კლასიკოსისა და თანამედროვე მწერლის ნაწარმოებები, მკვლევართა სამეცნიერო პუბლიკაციები.
იტალიაში აქტიურად ეწევა ქართული კულტურის, ლიტერატურის, მეცნიერების პოპულარიზაციას, მონაწილეობს პოეზიის საერთაშორისო ფესტივალებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. ნუნუ გელაძე მუშაობს კულტურათაშორის მედიატორად და უცხოელთათვის იტალიური ენის შემსწავლელთა კურსის პედაგოგად.
მან იტალიურად თარგმნა თანამედროვე ქართველი მწერლების - ბაღათერ არაბულის, კობა არაბულის, გურამ პეტრიაშვილის, ბესიკ ხარანაულის, დავით მაღრაძის, ბექა ქურხულის და სხვათა პოეტური და პროზაული ნაწარმოებები. იტალიურიდან ქართულად თარგმნილი აქვს იტალო კალვინოს, ტონინო გუერას, ალბერტო მორავიას, ფრანჩესკო ასიზელის, ჩეზარე პავეზეს, ლუიჯი მაგაროტოს, მარიენცა კორაჩის მოთხრობები, ესეები, ლექსები, პუბლიცისტური და სამეცნიერო სტატიები, პუბლიკაციები. არის სამეცნიერო სტატიების: „ნეორეალიზმი იტალიურ ლიტერატურაში“, „ ავანგარდიზმი იტალიურ პოეზიაში“ ავტორი.
საქართველოში სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ „დროშას“, გაზეთ „ეკრანის ამბების“, ჟურნალ „ახალი ფილმების“ კორესპონდენტად, მთარგმნელად, პედაგოგად და სხვა... თბილისის ვ. ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლა „ცისკარში“ პედაგოგად მუშაობის პერიოდში გაიცნო მომავალი მეუღლე ეჯიდიო ფუსკო; 2001 წლიდან ცხოვრობს იტალიაში და აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას.
2005 წელს ღვაწლმოსილ ემიგრანტთან, ნინო ყაუხჩიშვილთან ერთად იტალიაში, მილანში დააარსა ქართულ-იტალიური საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელი“, რომლის თავმჯდომარეა 2011 წლიდან და რომელმაც ამ ხნის განმავლობაში იტალიის სხვადასხვა ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, გამოფენა თუ კონფერენცია გამართა და პირველად იტალიაში გამოსცა ასგვერდიანი ორენოვანი ილუსტრირებული ჟურნალი „ა ორიენტე,“ რომელიც ცნობილი ქართველი და იტალიელი ავტორების სამეცნიერო ნაშრომებსა თუ მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს მოიცავს.
ნუნუ გელაძეს სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს ჯილდოები: 2006 წელს – ევროპის საერთაშორისო პრემია „წლის საუკეთესო ქალი” „იტალიური კულტურის დივულგაციის, პოპულარიზაციისა და პედაგოგიურ და სოციალურ სფეროში დაუღალავი შრომისათვის, ხალხთა შორის მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობზე მუდმივი ზრუნვისთვის; 2013 წელს – მშვიდობის ელჩის წოდება – მინიჭებული შვეიცარიის “მშვიდობის უნივერსიტეტისა” და საერთაშორისო ორგანიზაცია “უნივერსუმ ზვიცერლადის” მიერ; 2016 წელს საქართველოში მიენიჭა ჯილდო „წარმატებული ქართველი ქალი საზღვარგარეთ“; 2019 წელს დანტე ალიგიერის სახელობის საერთაშორისო საზოგადოების მიერ მიენიჭა დანტეს მედალი იტალიური ლიტერატურის საუკეთესოდ თარგმნისათვის; 2020 წელს მიენიჭა საერთაშორისო ფესტივალის, „Poetry on the Lake“-ის პრემია იტალიაში ქართული ლიტერატურის თარგმანისა და პოპულარიზაციისათვის ქალაქ ორტა სან ჯულიოში.