ბათუმში ETHICS-ის პროექტის კონსორციუმის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა
17-18 სექტემბერს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (ETHICS) ფარგლებში, ბათუმში კონსორციუმის დასკვნითი საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
დასკვნით შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის კონსორციუმის წევრი 10 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ოთხი ევროპული პარტნიორი ორგანიზაციისა და ეროვნული დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შეჯამება, არსებული პროგრესის შეფასება და პროექტის დასრულების შემდგომ შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფის გზების განსაზღვრა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიმოიხილეს პროექტის განხორციელების საერთო პროგრესი, სამუშაო პაკეტები, ძირითადი შედეგები და მიღებული გამოცდილება. ევროპელმა პარტნიორებმა ასევე წარმოადგინეს კვლევის ეთიკის მიმართულებით განხორციელებული ინსტრუმენტები, შესაძლებლობების გაძლიერების აქტივობები და ევროპული გამოცდილების გაზიარების შედეგები.
ეროვნული დაინტერესებული მხარეების სესიის ფარგლებში განხილულ იქნა ETHICS-ის პროექტის შედეგების დაკავშირება უმაღლესი განათლების აკრედიტაციის სტანდარტებთან და კვლევის დაფინანსების მექანიზმებთან.
შეხვედრაში ფონდის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა და საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა თინათინ კუჭუხიძემ.
ETHICS პროექტის მთავარი მიზანია ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება და მათი ინსტიტუციური გაძლიერება.
პროექტის კოორდინატორი-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://ethics.iliauni.edu.ge/