შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოება

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა  2024 წლის რუსთაველის ეროვნული    სამეცნიერო  ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“  სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული  ახალგაზრდა მეცნიერების  დაჯილდოება.

  საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის    მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა და  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა  თეიმურაზ დოჭვირმა კონკურსის გამარჯვებულებს     სპეციალური პრიზები  (კრისტალები), სიგელები   გადასცეს,  წარმატება მიულოცეს და კვლავ  არაერთი მიღწევა უსურვეს  სამეცნიერო საქმიანობაში. აღინიშნა, რომ  ახალგაზრდა მკვლევრების  მხარდაჭერა,  მოტივაციის ამაღლება განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის    სამინისტროსა და  რუსთაველის  სამეცნიერო  ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 

კონკურსის გამარჯვებულები არიან  მეცნიერების სხვადასხვა სფეროს  წარმომადგენელი   ახალგაზრდა მეცნიერები:

  • თამარ ნოზაძე - ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდიატი ინჟინერიისა და ტექნოლოგიების  მიმართულებით, ფიზიკის  დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ეკა გურგენაშვილი -   ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდიატი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, ფიზიკის   დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია);
  • ნინო ფოჩხიძე - ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდიატი სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების დოქტორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი;
  • გურანდა ავქოფაშვილი -  დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატი აგრარული მეცნიერებების მიმართულებით,  ქიმიის   დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი;
  • გიორგი ამირანაშვილი - დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდიატი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, სამართლის  დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ნათია მიროტაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიატი ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით, ფილოლოგიის დოქტორი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; 
  • სოფიო ქადაგიშვილი - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდიატი საქართველოს შესწავლელი მეცნიერებების მიმართულებით, ისტორიის დოქტორი, თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.  

კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაციისთვის იმ ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ახალგაზრდა მეცნიერს  სტიპენდია ენიჭება კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში მეცნიერებაში მიღწეული  შედეგებისთვის, წარმატებული საქმიანობისთვის. კონკურსის გამარჯვებულები იღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას  ერთი  წლის განმავლობაში.

ღონისძიების ფარგლებში  სპეციალური  პრიზი (კრისტალი)  გადაეცა რუსთაველის ფონდის 2024 წლის  კონკურსის „პრემია ქალები მეცნიერებაში - განსაკუთრებული მიღწევებისთვის  ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის  მიმართულებით“  გამარჯვებულ  მეცნიერს,  ბიოლოგიის  მეცნიერებათა   დოქტორს, ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრის გამგეს, პროფესორ ნანული კოტრიკაძეს.