დისტანციური ლექცია „ვაქცინების შექმნა და გამოყენება”
11 მაისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „ონლაინ საჯარო ლექციების“ ფარგლებში, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამარჯვებულმა, ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდიის მფლობელმა სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის იმუნოლოგია-მიკრობიოლოგიის კათედრის პედაგოგმა თამარ ცერცვაძემ ფონდის გრანტიორებისთვის, პედაგოგებისთვის ჩაატარა ონლაინ ლექცია „ვაქცინების შექმნა და გამოყენება”.
ონლაინ ღონისძიება გახსნა და შეაჯამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, მან მადლობა გადაუხადა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს ამ ინიციატივისთვის, ისაუბრა ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერის, მათი სამეცნიერო პროექტებში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის მნიშვნელობაზე, ლექციის თემის - ახალი კორონავირუსის, COVID 19 -ის საწინააღმდეგი ვაქცინის შექმნის აქტუალობაზე.
თამარ ცერცვაძემ ისაუბრა პირველ ვაქცინაციასა და მასთან დაკავშირებულ ისტორიაზე, იმუნიზაციის მნიშვნელობასა და მისი განხორციელების საშუალებებზე, ფორმებზე, იმუნოპროფილაქტიკის განხორციელებაზე, ვაქცინებზე, მის ჯგუფებზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებზე იმუნიზაციისთვის გამოყენებული ვაქცინების მიმართ, თანამედროვე ვაქცინის შემადგენელ კომპონენტებზე, ვაქცინის ტიპებზე, ვაქცინით მართვად დაავადებებზე, პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარზე და სხვა საკითხებზე. სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ახალ კორონავირუსსა და მისი განვითარების სტადიებზე, მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ეტაპებზე და მის შესაძლებლობებზე, რაზედაც მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ინსტიტუტი მუშაობს, აღინიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ამჟამად 12 ტიპის ვაქცინაზე მიმდინარეობს კვლევა და მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები.
მიმდინარე პროექტის შესახებ ისაუბრეს და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, გენერალური დირექტორის მოადგილეებმა, ჯაბა სამუშიამ და ნინო გაჩეჩილაძემ. დასასრულს, თამარ ცერცვაძემ ვებინარის მონაწილეების მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხა.