მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
10 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ღვაწლმოსილი და წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში აღინიშნა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 20 წლის იუბილე.
დამსწრე საზოგადოებას მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს და ფონდის დაარსების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა.
გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა და მეცნიერების განვითარების საქმეში თითოეული მათგანის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა ყველა თაობისა და ასაკის მეცნიერს, სრულიად საქართველოს მეცნიერებს მიულოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი - მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის, რომელიც გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის - „იუნესკოს“ მიერ დაარსდა და 2001 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. „მოხარული ვარ, რომ დღეს, 10 ნოემბერს გვაქვს შესაძლებლობა, ამ ღონისძიებაში გავაერთიანოთ ორი მნიშვნელოვანი თარიღი - როგორც მეცნიერების საერთაშორისო დღე, ისე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 20 წლის იუბილე,“ - განაცხადა თეიმურაზ დოჭვირმა.
ფონდის გენერალურმა დირექტორმა წარადგინა პრეზენტაცია „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოცწლიანი გზა“ ამ წლების განმავლობაში ფონდის საქმიანობის მიზნების, ძირითადი მიმართულებების, სახელმწიფო საგრანტო კონკურსების, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების, მიღწეული შედეგებისა და ორგანიზაციის სამომავლო პრიორიტეტების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში შედგა რუსთაველის ფონდის პრემიის - „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ 10 ლაურეატი ღვაწლმოსილი მეცნიერის დაჯილდოების ცერემონია. სიგელები და ჯილდოები გადაეცათ რუსთაველის ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსის - „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ შვიდი სამეცნიერო მიმართულებით გამარჯვებულ ახალგაზრდა მეცნიერებს, აგრეთვე, რუსთაველის ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსის - „ქალები მეცნიერებაში - განსაკუთრებული მიღწევებისათვის მათემატიკის მიმართულებით“ გამარჯვებულ ქალ მეცნიერს. ცნობილი მეცნიერები და წარმატებული ახალგაზრდა მკვლევრები ამ სფეროს განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა.
რუსთაველის ფონდის 2025 წლის პრემია - „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ მიენიჭა 10 ღვაწლმოსილ მეცნიერს:
- როინ მეტრეველი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.
- როლანდ მიტიჩაშვილი - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
- როლანდ თოფჩიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგე.
- ნინა ჭანიშვილი - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიკრობთა ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის გამგე.
- ვალერიან ვაშაკიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
- მანანა თანდაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, დიგიტალური ჰუმანიტარიის აღმასრულებელი დირექტორი.
- ზვიად წამალაიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, სტუ-ს CERN-LHC (ცერნის დიდი კოლაიდერის) ჯგუფის ლიდერი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ცერნში.
- ალექსანდრე ლეჟავა - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სინგაპურის გენომის ინსტიტუტის ტრანსლაციური კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, სტრატეგიული და ინდუსტრიული ალიანსების ოფისის ასოცირებული დირექტორი.
- გიორგი კალანდია - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლის -კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
- ელინა ბაქრაძე - გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
რუსთაველის ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსის - „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ გამარჯვებული 7 ახალგაზრდა მეცნიერი:
- თამარ ნოზაძე - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია - ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით - ფიზიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ- პროფესორი.
- მაია კიკვაძე - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია აგრარული მეცნიერებების მიმართულებით - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
- ივლიანე ნოზაძე - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით - მედიცინის დოქტორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
- თამარ გუჩუა - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია - ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით- ფილოლოგიის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
- თათია ობოლაძე - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით - ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
- ლევან ტიელიძე - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით - გეოგრაფიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
- გვანცა სალუქვაძე - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით- გეოგრაფიის დოქტორი, ჰელსინკის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
რუსთაველის ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსის - „ქალები მეცნიერებაში - განსაკუთრებული მიღწევებისათვის მათემატიკის მიმართულებით“ გამარჯვებული:
- ნინო ფარცვანია - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის დაარსდა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის - „იუნესკოს“ მიერ და ყოველწლიურად 10 ნოემბერს აღინიშნება. მეცნიერების საერთაშორისო დღის მიზანია მეცნიერების მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, აქტუალური სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის ზრდა. 2025 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანია: „ნდობა, გარდაქმნა და მომავალი: როგორი უნდა იყოს მეცნიერება 2050 წელს“.
წელს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის 20 წლის იუბილე აღინიშნება. ფონდის საქმიანობის მიზანია საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების კვლევითი პოტენციალის გაძლიერება და ამით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ქვეყნის მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობის ამაღლებაში, ამასთან, საქართველოს მსოფლიოს სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სისტემაში დამკვიდრების ხელშეწყობა.