შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კავკასიოლოგიის მე - 17 საერთაშორისო კონფერენცია

6 -8 დეკემბერს, პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში გაიმართა წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კავკასიოლოგიის მე - 17 ყოველწლიური კონფერენცია  ,,Euscaro – Caucasica. Ibero – Caucasian and Basque Languages and Old Georgian Literature”, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი და პოლონელი  მეცნიერების,  აკაკი შანიძისა (1887 – 1987) და იან ბრაუნის (1926 – 2015) ხსოვნას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა,  მიხეილ ჩხენკელმა გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია დისტანციურად გახსნა.

ღონისძიების გახსნისას დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა,  ჯაბა სამუშიამ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა ამ საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობა ევროპაში ქართველოლოგიის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. მან  მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა სასულიერო მოღვაწეს, თეოლოგსა და პროფესორ ჰენრიკ პაპროცკის, რომლის დიდი დამსახურებაა პოლონეთში გრიგოლ ფერაძის მემკვიდრეობის შესწავლა.

კონფერენცია გაიმართა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის,  ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემის ლაურეატის, დავით ყოლბაიას  ორგანიზებით, რომელიც კონფერენციაზე წარსდგა მოხსენებით “ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცული უცნობი აპოკრიფული ხელნაწერები”.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ   ცნობილი მეცნიერები შვედეთიდან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან, რომლებმაც  წარადგინეს  ნაშრომები იბერიულ-  კავკასიური ენების გენეტიკურ ნათესაობასა და ძველ ქართულ ქრისტიანულ ლიტერატურასთან დაკავშირებით.