შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

11 თებერვალს,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდის  ორგანიზებით  გაიმართა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება  -  მეცნიერი ქალების დაჯილდოების ცერემონია. 

მეცნიერების სფეროში მოღვაწე ქალების,  ახალგაზრდა მკვლევრების   მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის  ერთ-ერთი პრიორიტეტული  მიმართულებაა. 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს  საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრმა    გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა, შოთა  რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა   დირექტორმა  თეიმურაზ დოჭვირმა. 

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრმა   გივი მიქანაძემ      და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა   დირექტორმა    თეიმურაზ დოჭვირმა  დააჯილდოვეს,   მეცნიერების განვითარებაში შეტანილი  წვლილისთვის სიგელები გადასცეს    წარმატებულ მეცნიერ ქალებს, მათ შორის,  რუსთაველის  ფონდის მიერ ადმინისტრირებული  საგრანტო კონკურსების  გამარჯვებული  სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელებსა და მონაწილეებს:

თინათინ ტყემალაძე - მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი; არის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორი.

მარეხ მაზანაშვილი - საინჟინრო ფიზიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის  ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი. არის რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა  კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ არაერთი გამარჯვებული პროექტის  ხელმძღვანელი.    

მარიკა თედორაძე  - ფილოლოგიის დოქტორი,  ენათმეცნიერი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის  ქართული ენის მიმართულების  ასისტენტ-პროფესორი

ია მოსაშვილი- საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ასოცირებული პროფესორი

ნინო წულაია- განათლების მეცნიერების დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

ნინო ბერიძე - ინფორმატიკის დოქტორი, სამცხე -  ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორი 

ნათელა ბაღათრიშვილი- განათლების მეცნიერებათა  დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. არის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგზის  გრანტიორი.

ნინო კობაური- ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, კორნელი  კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის  მეცნიერ-თანამშრომელი. არის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოთხგზის  გრანტიორი.

ელზა ჯინჭარაძე - ინჟინერიის დოქტორი,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.

11 თებერვალი - მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის შესაბამისად, 2015 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა და გოგონათა ხელშეწყობა და წახალისება, მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი  მზარდი როლის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის მთავარი დევიზია: „ხედვიდან შედეგამდე: STEM მიმართულებების — მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის — გადააზრება და გაუმჯობესება გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის გზით“ .