შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მეცნიერებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირის პროგრამების მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მეცნიერებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის ხელშეწყობა კვლევისა და ინოვაციის ერთობლივი პრიორიტეტებით“ გაიმართა. ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა კვლევისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა.

ნუნუ მიცკევიჩი სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ევროკავშირის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისათვის. მინისტრის მოადგილემ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების საქმეში სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში, რომელიც სამეცნიერო პრიორიტეტების იდენტიფიცირების კუთხით დასკვნით ეტაპს წარმოადგენდა, მონაწილეებს ჰქონდათ  შესაძლებლობა სამეცნიერო პრიორიტეტების საუკეთესოდ განხორციელების გზების შესახებ ერთმანეთისთვის  მოსაზრებები გაეზიარებინათ.

კონფერენციაზე სამეცნიერო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ნაყოფიერი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, წარმოდგენილი იყო როგორც ფუნქციური, ისე თემატური პრიორიტეტები. კომუნიკაციის გაღრმავების მიმართულებით, კი ღონისძიების მონაწილეებმა  ონლაინ პლატფორმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების – „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ (TWINNING)  და „საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა“ ხელშეწყობით გაიმართა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ავსტრიის, გერმანიისა და ლატვიის საელჩოების, ევროკავშირის, სამინისტროების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, კვლევითი ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, ასოციაციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სხვადასხვა დარგში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლებმა.