მიკრობიოლოგიის საქართველოს ასოციაცია დაფუძნდა
2018 წლის 2 მაისს, 10 საათზე, გაიმართა საქართველოს მიკრობიოლოგთა ყრილობა. ყრილობის ორგანიზატორია ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. დამფუძნებელი ყრილობის საორგანიზაციო ჯგუფი შედგება 16 წევრისგან (დავით ფრანგიშვილი, ელიორა რონი, მზია ქუთათელაძე, პაატა იმნაძე, გიორგი კვესიტაძე, ნინო გაჩეჩილაძე, ვლადიმერ ელისაშვილი, მიხეილ ასათიანი, ლელა ბაქანიძე, მარინა თედიაშვილი, ადამ კოტორაშვილი, გიორგი მუსხელიშვილი, ნუნუ მიცკევიჩი, თინათინ სადუნიშვილი, ნინო ჭანიშვილი და ეკატერინე ჯაიანი).
ყრილობა გაიხსნა მიკრობიოლოგიის საზოგადოებების საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტის, პროფესორ ელიორა რონის (თელ-ავივის უნივერსიტეტი) და პროფესორ დავით ფრანგიშვილის (პასტერის ინსტიტუტი, პარიზი) მოხსენებებით საერთაშორისო მიკრობიოლოგიური საზოგადოებების მიზნებისა და საქმიანობის შესახებ და ამ საზოგადოებების შესაძლო როლის შესახებ ქართული მიკრობიოლოგიის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში. ყრილობის მეორე სესიაზე, დაფუძნდა საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია, დამტკიცდა წესდება, აირჩა გამგეობა და ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი დავით ფრანგიშვილი (პასტერის ინსტიტუტი, პარიზი). ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის საქართველოს ასოციაცია მიზნად ისახავს შეჯამდეს ქართული მიკრობიოლოგიის მიღწევები და გეგმაზომიერად დაისახოს მისი შემდგომი განვითარების გზები ქვეყნის ინტერესებისა და თანამედროვე მეცნიერული ტენდენციების გათვალისწინებით.