შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების დაჯილდოება

 

 

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა  საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს  სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდის 2025 წლის  მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის”  გამარჯვებულების დაჯილდოების  საზეიმო ცერემონია.

 მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი”    საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს  მხარდაჭერითა და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით წელს  მეთხუთმეტედ  ჩატარდა.     

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს მასპინძელი ორგანიზაციის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ,  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და   შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.

გრან-პრის  მფლობელები გახდნენ პროექტის  „ჭკვიანი მაგიდა-ორგანაიზერი უსინათლოთათვის“ ავტორები, პირველ ადგილზე გავიდა  პროექტის  „ხიდებისა და შენობების დეფორმაციის მონიტორინგის სისტემა“  შემქმნელი გუნდი, მეორე და მესამე ადგილები  დაიკავეს პროექტების -  „ამინომჟავებით მოდიფიცირებული ბუნებრივი ფენოლური ნაერთების სინთეზი  და  ბიოლოგიური აქტივობის შესწავლა“  და  „პეროქსიდას, როგორც ეკოფერმენტის როლი საღებავებით დაბინძურებული წყლის ბიორემედიაციაში“ მონაწილე მოსწავლეებმა.

კონკურსის   გრანპრისა  და  პირველი ადგილის  მფლობელებს სიგელები და პრიზები   გადასცეს    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა,   გივი მიქანაძემ  და  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა  დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.   მეორე  და მესამე ადგილებზე გასული გუნდები  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ  დააჯილდოვეს.

 

კონკურსის წარმატებული მონაწილეები ასევე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა  ორგანიზაციისა და კომპანიების -  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“,  საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, მთაწმინდის პარკის, წიგნის მაღაზიათა ქსელი   „ლიბრას“,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის  მიერ დაწესებული   სპეციალური პრიზებით;   გამარჯვებული გუნდების  წევრებმა  მიიღეს  სასაჩუქრე პაკეტები ქართული ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი კომპანია „ბადაგისგან“ და საქველმოქმედო ფონდ „ავერსისგან“. ასევე, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო  ფონდისგან კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა  წიგნის მაღაზიათა ქსელ   „ლიბრას“  ვაუჩერები და  თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამების სამთვიანი აბონემენტი.

მოსწავლე გამომგონებელთა და  მკვლევართა  კონკურსი    „ლეონარდო და ვინჩი“   რუსთაველის  ფონდის      ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული  ყოველწლიური ტრადიციული     კონკურსია.   მისი  მიზანია  ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება,  მათი  შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება;   მეცნიერებისა  და ინოვაციების სფეროთი  მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან  დაინტერესება. აღსანიშნავია, რომ     ყოველწლიურად იზრდება  კონკურსში მონაწილე  პროექტების ხარისხი და ფართოვდება მონაწილეთა  გეოგრაფიული არეალი,  ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურობენ და გამარჯვებულთა შორის ხვდებიან საქართველოს  სხვადასხვა რეგიონის  სკოლების  ნორჩ გამომგონებელთა გუნდები.