რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც ქალაქ ოზურგეთში გაიმართა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობდა.
ღონისძიების ფარგლებში რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა წარადგინა 2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის -„ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული პროექტები: გრანპრის მფლობელი პროექტი -„ჭკვიანი მაგიდა - ორგანაიზერი უსინათლოთათვის“ და პირველი ადგილის მფლობელი პროექტი - „ხიდებისა და შენობების დეფორმაციის მონიტორინგის სისტემა“.
ნორჩი გამომგონებლების - გურამ გურგენიძის, გიორგი თეთრუაშვილის, მათე ახალაძისა და გიორგი ფხალაძის მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია ღონისძიების მონაწილეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ახალგაზრდა მკვლევართა და გამომგონებელთა მიერ შექმნილ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და ინოვაციურ იდეებს.
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამოფენო სივრცეს ეწვივნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა სტუმრებს გააცნო მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის -„ლეონარდო და ვინჩის“ ფარგლებში შექმნილი გამარჯვებული ინოვაციური პროექტები.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულები სიმბოლური პრიზებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლები.