შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად ჯაბა სამუშია დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგად რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად ჯაბა სამუშია დაინიშნა.
„რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრიორიტეტი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტების დაფინანსება და ხელშეწყობა, კონკურსების ადმინისტრირების გამჭვირვალე და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროცესის უზრუნველყოფა, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევა, საქართველოს მეცნიერების ღირსეული ინტეგრირება საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, მეცნიერების პოპულარიზაცია. ამასთან, მეცნიერების ყველა მიმართულებას მიენიჭება სათანადო მნიშვნელობა, რუსთაველის ფონდი ჭეშმარიტი მეცნიერების, სამეცნიერო აზრის სამსახურში იქნება”- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ჯაბა სამუშია არის ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ჟურნალ “ისტორიანის” მთავარი რედაქტორი; ქ. ტორუნის (პოლონეთის რესპუბლიკა) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის (Institutum Orientalium) ჟურნალის - „Studia Orientalne” სამეცნიერო საბჭოს წევრი. ვარშავის უნივერსიტეტის (The University of Warsaw) უმაღლესი ჯილდოს – საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი. არის 200 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 25 წიგნის, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სალექციო კურსების ავტორი. 2018 წლიდან დღემდე იყო რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიზანია ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარება, ინოვაციური სამეცნიერო კვლევების ხარისხის, მნიშვნელობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის უზრუნველყოფით მეცნიერთა ახალი თაობების მომზადება, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციებისა და სამეცნიერო საზოგადოების კვლევითი პოტენციალის ზრდა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს მეცნიერთა ინტეგრირების ხელშეწყობა.