შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ქალაქ თელავში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. რუსთაველის ფონდის სტენდის მრავალფეროვან აქტივობებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, მინისტრის მოადგილეები ნოდარ პაპუკაშვილი და გელა გელაძე გაეცნენ, ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა ფონდის სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტები წარადგინა.
ფონდის მიერ ადმინისტრირებული მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა საგრანტო კონკურსის „ლეონარდო და ვინჩისა“ და კონკურსის „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით - მეცნიერება იწყება სკოლიდან“ გამარჯვებულმა მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგებმა გამართეს წარმატებული გამოგონებების, მოდელების ჩვენება, ჩაატარეს სადემონსტრაციო-სახალისო ექსპერიმენტები. პროექტების - „ფუტკრის შხამის მიღების მართვისა და კონტროლის სისტემა“, „რეგულირებადი ფოკალური სიგრძის მქონე ბიუჯეტური რეფლექტური ტელესკოპი“, „ნანობოჭკოებიანი ბადე ჰაერის იონიზატორისთვის“, „ჩვენ, როგორც ნორჩი მკვლევრები“, „მდინარე არაგვის წყლის ხარისხის შეფასება ბიოლოგიური ინდიკატორებით“ პრეზენტაცია ღონისძიების მონაწილეების აქტიური ჩართულობით წარიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა შემეცნებითი ვიქტორინა მეცნიერების თემატიკაზე, რომლის გამარჯვებულები სიმბოლური პრიზებით, საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.