რუსთაველის სამეცნიერო ფონდში იაპონიის ელჩს უმასპინძლეს
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა, შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიძუკა ჰიდეკისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს და იმსჯელეს იმ მიმართულებებზე, რომლებიც ორი ქვეყნის სამეცნიერო და აკადემიური წრეების დაახლოებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და იაპონიის სამეცნიერო ფონდებსა და კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, ერთობლივი საგრანტო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს იაპონიის ელჩმა დადებითად შეაფასა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობა და მზადყოფნა გამოთქვა, აქტიურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.