შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრა კვლევების ხელშეწყობისა და კომერციალიზაციის მიზნით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამინისტროების, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობით სამეცნიერო, სამრეწველო და კერძო სექტორს შორის კავშირების გაძლიერების თაობაზე. შეხვედრის მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება პრობლემაზე ორიენტირებული კვლევების ხელშეწყობას,  გამოყენებითი კვლევების განვითარებას, სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციას, კერძო სექტორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციებთან კოლაბორაციის მხარდაჭერას.

მოგეხსენებათ, რომ 2016 წლიდან საქართველო არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირებული ქვეყანა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მეცნიერებს, კვლევით ინსტიტუციებს, მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებს განახორციელონ ფართომასშტაბიანი და მაღალბიუჯეტიანი საპროექტო წინადადებები ევროპელ და სხვა საერთაშორისო კოლეგებთან ერთად და მოიპოვონ დაფინანსება ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში. 

პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ -ის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამეცნიერო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, კონკრეტული საზოგადოებრივი გამოწვევის საპასუხოდ შემუშავებულ  კვლევით პროექტებს, კომერციალიზაციაზე ორიენტირებული კვლევითი აქტივობების ხელშეწყობას და სხვ. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის საჯარო კომუნიკაციისა და  ანგარიშების მიხედვით, კვლევისა და ინოვაციის მომდევნო ჩარჩო პროგრამა (EU Framework Programme 9)  კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ბიზნესსექტორსა და სამეცნიერო სფეროს შორის თანამშრომლობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამუშაო შეხვედრა დაეთმო შემდეგ საკითხებზე  მსჯელობას:

  1. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსი - გამოყენებითი კვლევები (Applied Research): სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება და მათი დასახელება გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის კონცეფციაში გასათვალისწინებლად;
  2. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მომდევნო, მეცხრე ჩარჩო პროგრამაში და შესაბამის კომიტეტებში საქართველოს პოზიციონირება: არსებული საზოგადოებრივი გამოწვევებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინება მეცხრე ჩარჩო პროგრამის სტრატეგიულ დოკუმენტებში (Work Programmes);
  3. სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, როგორც საგრანტო კონკურსების ადმინისტრირების გამოცდილების მქონე ინსტიტუციის, პოტენციალის გამოყენება.

საქართველოს სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრა წარიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში, გამოითქვა მოსაზრებები და დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.