„საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიური კონგრესი: ონკოუროლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინარული მართვა“
2017 წლის 01 დეკემბერს სასტუმროში „Holiday Inn Tbilisi“ 08:30-17:00 საათზე, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის, ხელშეკრულება MG_CG_09-3004/5344 კონფერენცია: „საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიური კონგრესი: ონკოუროლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინარული მართვა“. კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს უროლოგთა ასოციაციის წევრები, ქართველი უროლოგები, ონკოლოგები, რადიაციული ონკოლოგები და რადიოლოგები საქართველოს 20 სამედიცინო დაწესებულებიდან - სულ 200-ზე მეტი პერსონა. პროექტის მიზანი იყო უროლოგიური და ონკოუროლოგიური დაავადებების მართვის შესახებ ევროპის უროლოგთა ასოციაციის უახლესი რეკომენდაციების გაცნობა, ამ რეკომენდაციების კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვის გზების დასახვა და ქართველი პაციენტების მკურნალობის შედეგების გაუმჯობესება; საქართველოში უროლოგიური მეცნიერების განვითარების გზების ანალიზი და დაგეგმვა; ქართული უროლოგიური მეცნიერების ევროპის მასშტაბით პოპულარიზაცია და რეგიონში (კავკასია-ცენტრალური აზია) მისი წამყვანი როლის დამკვიდრება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა რთული შემთხვევების ანალიზი. სხვადასხვა სპეციალისტებმა საჯარო დისკუსიაში წარმოადგინეს დაავადებების მართვის მათეული პრინციპები. ყოველი სესიის ბოლოს იმართებოდა ინტერაქტიული დისკუსია აღნიშნული სპეციალისტების მონაწილეობით. სამომავლოდ, კერძოდ ზაფხულში, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია გეგმავს კიდევ უფრო მასშტაბური კონგრესის მოწყობას მეტი ქართველი და უცხოელი დელეგატის მონაწილეობით.