შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

ახალი ენერგოდამზოგი ტექნოლოგიის შემუშავება საქართველოს მთიანი რეგიონების არიდული ზონის ურბანული ტერიტორიების სასმელი წყლით მომარაგების პრობლემების გადაწყვეტის მიზნით

2014 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით : ახალი ენერგოდამზოგი ტექნოლოგიის შემუშავება საქართველოს მთიანი რეგიონების არიდული ზონის ურბანული ტერიტორიების სასმელი წყლით მომარაგების პრობლემების გადაწყვეტის მიზნით.

  • პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი:თარხან თევზაძე, გეოლოგია-მინერალოგია მეცნიერებათა დოქტორი.
  • პროექტის ძირითადი პერსონალი:

          გიორგი ომსარაშვილი - სამთო გეოლოგიის ფაკულტეტის გეოლოგიის პროგრამის დოქტორანტი;  

          ფერიდე ლორთქიფანიძე -  აგროქიმია-ნიადაგმცოდნე, მაგისტრი.  

 პროექტი ეხება, არიდულ ზონაში განლაგებული ურბანული ტერიტორიების სასმელი წყლით მომარაგებას, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს. გლობალური დათბობის პირობებში მოთხოვნა სასმელ წყალზე კიდევ უფრო მზარდ ხასიათს მიიღებს.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ახალი ენერგოდამზოგი ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც  ურბანული ტერიტორიების  წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

უპირველესყოვლისა ჩვენ მიერ შემუშავებულ იქნა ალუვიურ-პროლუვიური გეოსტრუქტურის მქონე ხეობებში პერსპექტიული წყალსაღების მოძიების მეთოდი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ენერგოდამზოგი ტექნოლოგიის შემუშავებაში და ითვალისწინებს: გეომორფოლოგიურ, გეოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ, წყლის ქიმიურ-ფიზიკურ და სანიტარულ,  კლიმატურ და სხვ. ფაქტორების შესწავლას. აღნიშნული მეთოდის მიხედვით, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ხეობიდან აკუმულირებული წყლის თ ვ ი თ დ ე ნ ი თ  მიწოდება დასახლებულ პუნქტამდე.

ვინაიდან სასმელი წყლის პრობლემა  განსაკუთრებით აქტუალურია კახეთის ქალაქებსა და სოფლებში, აღნიშნული მეთოდის მიხედვით განხორციელდა ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე არსებული ხევების საველე-სარეკოგნოსცირებო კვლევები.

კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ასეთი ალუვიურ-პროლუვიური სტრუქტურა გააჩნია მდ. ჭერემისხევს. ამ ხეობის 647.73-650.51 მეტრ აბსოლუტურ ნიშნულებიდან შესაძლებელია ქ. გურჯაანს მიეწოდოს სასმელი წყალი თვითდენით.

სამეცნიერო-საგრანტო პროექტში დაგეგმილი ამოცანების თანახმად შერჩეულ საკვლევ უბანზე  განხორციელდა გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური სამუშაოები. მდ. ჭერემისხევის პირველ ტერასაზე მოეწყო ცენტრალური და სადამკვირვებლო ჭები. შედგენილია შესაბამისი რუკები (ტოპოგრაფიული, გეოლოგიური, საინჟინრო გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, ჰიდროლოგიური) და ლითოლოგიური ჭრილები. ბურღვითი სამუშაოების შედეგად გამოიყო ორი განსხვავებული გენეზისის შრე. აღნიშნული შრეებიდან აღებულ გრუნტის ნიმუშებზე ჩატარდა ლაბორატორიული გეოტექნიკური გამოკვლევები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ წყალშემცავი ალუვიურ-პროლუვიური გენეზისის კაჭარ-კენჭნარ-ხრეშნარი გრუნტები ვრცელდება 5.0 მეტრ სიღრმემდე და მათ საგებში ნეოგენური ასაკის მონაცრისფრო-მოლურჯო ფერის წყალგაუმტარი თიხებია.

ცენტრალურ და სადამკვირვებლო ჭებზე ჩატარდა ექსპერიმენტული საცდელი ამოტუმბვები, რომელმაც მოგვცა რიგი საინტერესო და მნიშვნელოვანი შედეგები. დადგენილია, როგორც K ფილტრაციის კოეფიციენტისა და Q ხარჯების პარამეტრები, ასევე გრუნტის წყლის მოძრაობის სეჩქარე და ჭებში მათი დონის ცვლილებები. საველე ჰიდროგეოლოგიური გამოკვლევების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მდ. ჭერემისხევის ალუვიურ-პროლუვიურ კალაპოტში მძლავრი მიწისქვეშა წყლების ნაკადებია.

მდ. ჭერემისხევის ალუვიურ-პროლუვიურ ნალექებში არსებული ფილტრატი წყლების სასმელი თვისებების კვლევა განხორციელდა საველე და ლაბორატორიულ პირობებში. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ წყალი ჰიდროკარბონატულ-კაციუმიანია და ამ პერიოდში აღებული წყლების ქიმიურ-ფიზიკური შედგენილობა შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტი“-ის მოთხოვნებს. 2016 წლის მარტის, დეკემბრისა და ივლისის თვეში ჩატარებული ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების თანახმად, აღმოჩნდა, რომ წყალში გარკვეული ტიპის დაბინძურება შეინიშნება, თუმცაღა გაწმენდითი ღონისძიებების გატარების შემდეგ დააკმაყოფილებს ზემოთხსენებული ნორმატივების მოთხოვნებს.

ყოველივე ზემოაღნიშნული კვლევების შედეგების საფუძველზე, შემუშავებულია  ახალი ენერგოდამზოგი ტექნოლოგია, დასახელებით: - ,,კლაპოტქვეშა წყალსაღები ნაგებობა“, (გამოგონება დაპატენტებულია), რომელიც  წყლის აკუმულაციას ახდენს მუდმივი (უწყვეტი) ან დროებითი ჩამონადენის ხარჯის მქონე მდინარეებზე არსებულ ალუვიურ-პროლუვიურ გეოსტრუქტურებში, გამორიცხავს ელექტროენერიის დანხარჯებს და ეკონომიურად ბევრად უფრო ეფეტურია ვიდრე დღესდღეობით აპრობირებული არტეზიული წყლების წყალმიმღები ჭები.