შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

კავკასიურ-ქართული ლექსიკონები ლინგვისტური კომენტარებით, ინდექსითა და გრამატიკული ნარკვევებით

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა სახელწოდებით : კავკასიურ-ქართული ლექსიკონები ლინგვისტური კომენტარებით, ინდექსითა და გრამატიკული ნარკვევებით, სამეცნიერო  ხელმძღვანელი გახლავთ რომან ლოლუა. (ფილოლოგიის დოქტორი, პროფ., თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების მეცნიერი-თანამშრომელი)

იბერიულ-კავკასიური ენების მეცნიერულ კვლევას დიდი ხნის ისტორია აქვს. შექმნილია მრავალი გამოკვლევა, რომლებიც ეძღვნება ამ ენათა როგორც სინქრონიული, ისე დიაქრონიული შესწავლის პრობლემებს. ქართველი მეცნიერების წვლილი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია; მათი ავტორობით გამოქვეყნებულია ასობით მონოგრაფია და კრებული, ათასობით სტატია ქართველურ და მთის კავკასიურ ენათა აგებულების აქტუალურ საკითხებზე.

თუ იბერიულ-კავკასიურ ენათა ფონეტიკური სისტემისა და გრამატიკული წყობის კვლევა-ძიებაში მიღწეული წარმატებები თვალსაჩინოა, ამას ვერ ვიტყვით ლექსიკოგრაფიის შესახებ, განსაკუთრებული ჩამორჩენა კი თარგმნითი ლექსიკონების შედგენის საქმეში გვაქვს. აფხაზურ-ქართული, ქართულ-აფხაზური და ჩეჩნურ-ქართული ლექსიკონების გარდა, სხვა ამგვარი ლექსიკონები უკანასკნელ ხანებამდე არ მოგვეპოვებოდა.

ამ არასახარბიელო ვითარების გამოსასწორებლად გადადგმულ პირველ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „კავკასიურ-ქართული ლექსიკონები ლინგვისტური კომენტარებით, ინდექსითა და გრამატიკული ნარკვევებით“, რომლის ფარგლებში თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მომზადდა ექვსი ლექსიკონი: აფხაზურ-ქართული (შემდგენელი ნ. მაჭავარიანი), ჩერქეზულ-ქართული (ვ. შენგელია), ინგუშურ-ქართული (რ. ფარეულიძე), ხუნძურ-ქართული (ლ. აზმაიფარაშვილი), ბეჟიტურ-ქართული (ნ. არდოტელი) და უდიურ-ქართული (რ. ლოლუა) (იხ. http://ice.ge/of/?page_id=275). თითოეული ლექსიკონის მოცულობა არანაკლებ 5000 სიტყვისაა. ყველა ლექსიკონს ახლავს ინდექსი, თითოეულ სიტყვასთან წარმოდგენილია ლინგვისტური კომენტარები (კვალიფიკაციები) და სათანადო საილუსტრაციო მასალა. ამასთანავე, ლექსიკონებს ერთვის ონომასტიკური მასალა (ანთროპონიმები, ეთნონიმები, ტოპონიმები) და მოკლე გრამატიკული ნარკვევები.

ლექსიკონი იხილეთ ბმულზე