კონფერენცია „ქალები ინოვაციაში“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020 - ის პროექტის „CALIPER”-ის კონფერენცია „ქალები ინოვაციაში“.
კონფერენციის მიზანია STEM მიმართულების წარმომადგენელი მეცნიერი და ინოვატორი ქალების საქმიანობის წარმოჩენა, გამოცდილების გაზიარება, მოტივაციის ამაღლება და მეცნიერი ქალების კვლევებში აქტიური ჩართვის ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის, ქალებისა და გოგონების სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროფესორი ზაზა მარუაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ცხადაძე. პროექტი CALIPER- ის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსმა, რუსუდან ჯობავამ.
STEM მიმართულებით მოღვაწე მეცნიერი და ინოვატორი ქალების გამოცდილების გაზიარების მიზნით პრეზენტაციები წარადგინეს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატმა, ფონდის 2022 წლის გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულმა, ლანა შატაკიშვილმა, დოქტორმა, აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, 2022 წლის გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულმა, ეკა მეტრეველმა, “IT აკადემია Step საქართველოს“ ფილიალის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მაკა მახათაძემ და გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ელინა ბაქრაძემ.
პროექტის შედეგად მიღებული შედეგები:
· გენდერული თანასწორობის გეგმა (GEP);
· პრემიის კონკურსი - “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის STEM მიმართულებით;
· სექცია ვებ-გვერდზე „ქალები მეცნიერებაში“, სადაც განთავსებულია წარმატებული ქართველი მეცნიერი ქალების შესახებ ინფორმაციები;
· სამეცნიერო პროექტებში გენდერული თანასწორობის შემოწმების მექანიზმი;
· გზამკლევი ექსპერტთა პანელის წევრებისთვის;
· ცნობიერების ამაღლების შესახებ ბროშურები, გზამკვლევები;
ღონისძიების დასასრულს გაიმართა 2023 წლის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსის „ქალები მეცნიერებაში“ გამარჯვებული მეცნიერის, ბიოლოგიის დოქტორის, თამარ ხარძიანის დაჯილდოების ცერემონია.
კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ მკვლევარი ინოვატორები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან, ასევე საჯარო სექტორის, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.