თავის ტვინის ლიმბურ უბნებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული ტოლერანტობის შესწავლა
მონოგრაფია განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (გრანტი # 217148).
ტკივილის მკურნალობა უაღრესად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც იგი გამოწვეულია დაზიანებით, ტრამვით ან ანთებით, არამედ ქრონიკულ მდგომარეობებშიც, საკუთრივ ნერვებისა ან ნერვული სისტემის დაზიანებისას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე ვიცით ფიზიოლოგიური კვლევებიდან, რომ ტკივილის სპეციალური რეცეპტორები ანუ ნოციცეპტორები პასუხისმგებელნი არიან ტკივილის შეგრძნებასა და გადაცემაზე თავის ტვინში, ტკივილის ფენომენი კვლავ რჩება სამედიცინო და სოციალურ პრობლემად. ყველა შემთხვევაში ტკივილის განვითარება დამთრგუნველად მოქმედებს ადამიანზე, რაც ხშირად საჭიროებს მულტიდისციპლინარულ მიდგომას. ამდენად გაუტკივარების მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა მიდგომისა და სტრატეგიის გამოყენებით.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ყველაზე ფართოდ გამოიყენებიან ტკივილის მოსახსნელად. ამასთან მათ გააჩნიათ სიცხის დამწევი და, უფრო მაღალი დოზებით, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. თუმცა, რამდენიმე ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს არაოპიოიდური პრეპარატები მათი ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში იწვევენ ოპიოიდების მსგავს ეფექტს, ტოლერანტობას, რამაც ნარკოტიკების მოხსნის სინდრომთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული უარყოფითი ეფექტები. თავის ტვინის ლიმბური სისტემა ჩართულია ტკივილის აფექტურ-ემოციურ ასპექტებში და წიგნში შეგროვილია მონაცემები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ გამოწვეული ანტინოციცეპტური ტოლერანტობის შესწავლის შედეგები "ფორმალინის ტესტის" გამოყენებით.
წიგნში ასევე თავმოყრილია სამეცნიერო ლიტერატურის უახლესი ინფორმაცია და ასევე ჩვენი ლაბორატორიის უკანასკნელი წლების ექსპერიმენტული მასალა.