შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მოდალობის კატეგორია ქართულ ენაში

 

 პროექტი „მოდალობის კატეგორია ქართულ ენაში“ (218000) ითვალისწინებდა მოდალობის კატეგორიის სიტემის გამოყოფასა და აღწერას ქართულ ენაში. მოდალობის კატეგორია ასახავს გამონათქვამისა და მთქმელის მიმართებას, უნივერსალური კატეგორიაა და ყველა ენაში არსებობს, მაგრამ არ იყო გამოკვეთილი ქართული ენაში და არც მისი სისტემური აღწერა და გამოხატვის საშუალებები ყოფილა აქამდე სპეციალური კვლევის საგანი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა, რომლის საფუძველზე გამოიყო მოდალობის კატეგორია, მისი სახეები, მაწარმოებელი საშუალებები, მოდალური ინდიკატორები. კვლევა დაეფუძნა ქართული ენის ორ კორპუსს (GNC, KAWAC), ამდენად ენობრივი მონაცემების ანალიზმა შეიძინა სრული და სიღრმისეული კვლევის მახასიათებელი. პროექტის ფარგლებში შექმნილი მონოგრაფიები დაეფუძნა საერთაშორისო სივრცეში არსებულ სამეცნიერო გამოკვლევებს. კვლევა წარიმართა დესკრიფციული, კომპარატიული და ტიპოლოგიური კვლევის მეთოდებით, რომლებიც აპრობირებულია სემანტიკური კვლევებისას და წარმოადგენს სემანტიკური ანალიზის საყრდენ პრინციპებს. კვლევის შედეგები წარდგენილი იყო საერთაშორისო კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებზე, რომლებმაც ხელი შეუწყო კვლევის ინტერნაციონალიზაციას.

პროექტის ფარგლებში მონოგრაფიულად იქნა შესწავლილი მოდალობის კატეგორია ქართულ ენაში, გამოიყო მოდალობის სახეები, მათი მაწარმოებლები, აღიწერა მოდალური ფორმისა და ზმნის ფორმით მიღებული შესიტყვების სემანტიკური მახასიათებლები, გამოიკვეთა მოდალური ინდიკატორების სისტემა. გარდა ამისა, დამუშავდა ის საკითხებიც, რომლებიც დაკავშირებულია მოდალურ სემანტიკასთან, კერძოდ, ლექსიკონში მოდალური ფორმის მონაცემის დამუშავების პრინციპები, მოდალური ფორმების სწავლების მეთოდოლოგია და საკითხები ქართულის როგორც უცხო ენისა და მეორე ენის სწავლების სფეროებში, აღიწერა და გაანალიზდა მოდალური სემანტიკის გამოხატვა ძველ ქართულში, ქართული ენის დიალექტებსა და ჟესტურ ენაში.

კვლევის შედეგად გამოიცა ორი მონოგრაფია: „მოდალობის კატეგორია ქართულ ენაში“ (ავტორი ნინო შარაშენიძე) და „მოდალობის კატეგორიის საკითხები ქართულში“ (ავტორები: ნინო შარაშენიძე, მაგული ღამბაშიძე, მაია ადვაძე, თამარ მახარობლიძე).

მონოგრაფიებში აისახა ის საკითხები, რაც ქართულ ენაში მოდალობის კატეგორიას და მოდალური სემანტიკის ანალიზს მიემართება. გარდა ამისა, გამოიკვეთა კვლევის ახალი მიმართულებები, დარგები ინტერდისციპლინური და კროსდისციპლინური კვლევების პერსპექტივით.

მიღებული შედეგები და მონოგრაფიები, რაც პროექტის ფარგლებში შეიქმნა, წარმოადგენს სიახლეს როგორც ქართული საენათმეცნიერო აზრისათვის, ასევე სიახლეა

საერთაშორისო ასპარეზზეც. მოდალობა გაანალიზებულია მსოფლიოს ბევრ ენაში, გამოკვეთილია როგორც უნივერსალია და აღწერილია ენათა მახასიათებლები საერთო და განმასხვავებელი ნიშნებით. ეს ყოველივე ჩართულია ტიპოლოგიური ანალიზის კვლევით სფეროში, თუმცა ქართული ენის მონაცემები არსად და არასდროს არ ყოფილა გათვალისწინებული, რადგან ეს ლინგვისტური კატეგორია ქართულში აქამდე გამოყოფილი არ იყო. ეს პრობლემას წარმოადგენდა როგორც ქართული ენის სიღრმისეული შესწავლისათვის, ისე ტიპოლოგიისთვისაც. პროექტის განხორციელების შედეგად უკვე არსებობს საფუძვლიანი გამოკვლევა ქართულ ენაში მოდალობის კატეგორიის შესახებ, რაც შესაძლოა შემდგომში გახდეს ახალი კვლევებისათვის ერთგვარი ბიძგის მიმცემი. პროექტმა ხელი შეუწყო იმ დეფიციტის ამოვსებას, რაც ქართული ენის შესწავლის თანამედროვე მიდგომებში აშკარად ჩანდა. ამდენად, მისი შედეგი მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო ქართული სამეცნიერო აზრისთვის, არამედ საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების თვალსაზრისითაც და ქართული ენის მონაცემთა ჩართვისათვის ტიპოლოგიის სფეროში წარმოებულ კვლევებში.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????