საფრთხეში მყოფი ენები და მათი დოკუმენტირების სასიცოცხლო მნიშვნელობა
მონოგრაფია მომზადდა ფუნდამენტური პროექტის - „საფრთხეში მყოფი ენები და მათი დოკუმენტირების სასიცოცხლო მნიშვნელობა (წოვათუშური ენის მიხედვით)“ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში ( FR/397/2 _ 120/12). იგი წარმოადგენს კოდის გადართვის სტრუქტურულ-ფუნქციური მახასიათებლების შესწავლის პირველ ცდას წოვათუშურ-ქართული ბილინგვური მასალის მიხედვით.
მონოგრაფიაში განხილულია ისეთი თეორიული საკითხები, როგორიცაა: წოვათუშურ-ქართული ბილინგვიზმის ძირითადი მახასიათებლები, მატრიცა ენა და ჩართული (ჩაშენებული) ენა, კოდის გადართვის ტიპები სტრუქტურული თვალსაზრისით, კოდის გადართვის ლინგვისტური თავისებურებები წოვათუშურ-ქართული ბილინგვური დისკურსის მიხედვით, კოდის გადართვის მოტივები და ფუნქციები, კოდის გადართვის ფსიქოლინგვისტური საფუძვლები და სხვა.
ბილინგვური საუბრების შესწავლამ გვიჩვენა, რომ მატრიცა ენა წოვათუშურია და არა ქართული, თუმცა ზოგიერთი სოციოლინგვისტი მატრიცას გაბატონებულ ენასთან აიგივებს. წოვა-თუშურ-ქართული ბილინგვიზმის თანამედროვე ეტაპზე, როდესაც წოვათუშურ ენას (თანამედროვე მონაცემებით) სულ რამდენიმე ათეული წლის სიცოცხლეღა დარჩენია, ის რჩება მატრიცად ბილინგვურ საუბრებში და ფონეტიკურ-ფონოლოგიურ თუ მორფოსინტაქსურ ტონს აძლევს წინადადებას, აიძულებს ქართულს, ამ ტონს დაექვემდებაროს. მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ქართული ენა კი, რომელიც თითქმის ორსაუკუნოვან გაბატონებულ მდგომარეობას ინარჩუნებს წოვათუშურთან მიმართებით და ამ მდგომარეობის შესაბამისი ინტერფერენტული ტალღებით მთელი ამ ხნის განმავლობაში უტევს მას ასიმილაციის მიზნით, ბილინგვურ საუბრებში უკან იხევს და ჩართული ენის სტატუსს ჯერდება.
წოვათუშურ-ქართული ბილინგვური საუბრების თანამედროვე ანატომია გვავარაუდებინეს, რომ მატრიცა და ჩართული ენების როლი ამ ენობრივ წყვილში თაობების მიხედვით აღარ შეიცვლება და წოვათუშური ენა – როდესაც მისი აღასასრულის დრო დადგება
– მოკვდება მატრიცად. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ენის სიკვდილი მხოლოდ სოციალური მოვლენაა და არა ლინგვისტური, რომ ენას ბოლომდე მიჰყვება თავისი ლინგვისტური რესურსი.