XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტომი XI, გრიგოლ ორბელიანი (ნაწილი X)
ეპისტოლური მემკვიდრეობის XI ტომი ეთმობა გრიგოლ ორბელიანის წერილების მე-10 ნაწილს, რომელიც მოიცავს 92 წერილს. ამათგან პირველი პუბლიკაციის სახით გამოქვეყნებულია 87 წერილი. ტომს ახლავს სრულყოფილი კრიტიკული აპარატი, რომელიც აერთიანებს ფუნდამენტურ ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიურ კვლევებს. გამოცემას ერთვის სამეცნიერო პასპორტები, შენიშვნები, კომენტარები, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა ანოტირებული საძიებლები, ლექსიკონი.
წერილების ადრესატები არიან გრიგოლ ორბელიანის რძალი, ილია ორბელიანის ქვრივი - ბარბარე ბაგრატიონი-ორბელიანისა (20 წერილი); ძმისშვილი - გიორგი ორბელიანი (3), ილია ჭავჭავაძე (4), მეგობარი და თანამოაზრე, მეფისნაცვლის საბჭოს წევრი - დიმიტრი ჯორჯაძე (7), ბიძაშვილიშვილი ანასტასია ორბელიანი-ოკლობჟიოსი (6), ბიძაშვილიშვილი ივანე კონსტანტინეს ძე ორბელიანი (5), განჯის გუბერნატორი ნიკო ზურაბის ძე ჭავჭავაძე (5), სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა (3), ბიძაშვილი სოფიო ორბელიანი-სვიატოპოლკ-მირსკისა (1), მისი მეუღლე, კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე დიმიტრი სვიატოპოლკ¬მირსკი (3), და სხვები.
დღეისათვის გამოცემულია გრიგოლ ორბელიანის 1021 წერილი. ფუნდამენტური ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური კვლევის შედეგად, შუქი მოეფინა არაერთ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ფაქტს, დადგინდა თუ დაზუსტდა არაერთი პიროვნების ბიოგრაფიული დეტალი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების ჩათვლით, ახალი კუთხით წარმოჩნდა მე-19 საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების ამსახველი არაერთი მოვლენა, საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნებების კულტურული, ღირებულებითი და ესთეტიკური მახასიათებლები, და სხვ. იდენტიფიცირებულია ადრესატები და წერილებში დასახელებული პიროვნებები (ხშირად მხოლოდ სახელით, ან გვარით მოხსენიებულნი), კომენტირებულია წერილებში ნახსენები ყველა ისტორიული თუ კულტურული ფაქტი, ასევე მეტაფორული და ალუზიური გამონათქვამები, გარკვეულია ადრესატთა ადგილსამყოფელი.
ტომის მოცულობა შეადგენს 515 გვერდს.
გამოცემა მომზადდა ფუნდამენტური სამეცნიერო პროექტის ფარგლებში „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა (X-XI ტომები)“ (გრანტი #FR-21-2197).
მონოგრაფიის ელექტრონული სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ↔