შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფეოდალური ხანის საქართველოს ეკონომიკური ისტორია

  პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, გრანტი # SP-19-317 

პროექტის ფარგლებში გამოცემულ მონოგრაფიაში – ფეოდალური ხანის საქართველოს ეკონომიკური ისტორია – წარმოდგენილია ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელთა გაცნობა მკითხველს ფეოდალური საქართველოს ეკონომიკური ისტორიის საერთო მდგომარეობის აღქმის საშუალებას მისცემს. ნაშრომი დაყოფილია თემატური და ქრონოლოგიური პრინციპით. კერძოდ, წყაროების, ლიტერატურის, ფულის სისტემისა და ზომა-წონის ერთეულების ზოგადი მიმოხილვის შემდეგ საკვლევი თემატიკა წარმოდგენილია ორ თემატურ თავად. I თავი ეთმობა სასოფლო-სამეურნეო სფეროს, II თავი – ქალაქებსა და ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობას. თავის მხრივ, თითოეული თემატიკა მიმოხილულია დარგების მიხედვით. შესაბამისი დარგების განვითარების ისტორია კი ნაჩვენებია ქრონოლოგიურ ჭრილში.

I თავში ყურადღება გამახვილებულია მიწის გადანაწილებაზე, საგლეხო ფუძისა და ფეოდალთა ზვარ-ხოდაბუნების სიდიდეზე. გარკვეული ადგილი ეთმობა სახვნელი და სხვა შრომის იარაღისა და საირიგაციო სისტემების განვითარების ისტორიას. საგანგებოდაა შესწავლილი ფეოდალურ საქართველოში მარცვლეული კულტურების წარმოების ზოგადი სურათი. ადგილობრივი მოსავლიანობა შედარებულია მეზობელ ქვეყნებში არსებულ ვითარებასთან. განხილულია ხორბლეული კულტურის როლი იმდროინდელი მოსახლეობის კვების რაციონში, მარცვლეულთან დაკავშირებით ექსპორტ-იმპორტის საკითხი, ფასი და ა.შ. ანალოგიურად მიმოხილულია ფეოდალურ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობა. გამოკვლეულია მოსახლეობის ყოფაში ღვინის როლი, ექსპორტის საკითხი, ფასი და სხვ. ასევე ნაშრომში მოცემულია სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარების ისტორიაც. ამავე თავში წარმოდგენილია მოსახლეობის სხვადასხვა ფენის ქონებრივი მდგომარეობა, გადასახადები და საუკუნეების განმავლობაში გლეხებისა და ფეოდალების „სისხლის ფასების“ დინამიკა.

II თავში ნაჩვენებია ქალაქების დაწინაურებისა თუ დაკნინების ისტორია, სავაჭრო გზები, საშინაო და საგარეო ვაჭრობა, ხელოსნობა, მანუფაქტურული წარმოების განვითარება, მოქალაქეთა კაპიტალის ოდენობა, სახელმწიფო შემოსავლები და სხვა საკითხები. ფეოდალური ხანის საქართველოს ზოგადი ეკონომიკური ვითარება, მათ შორის საქალაქო ცხოვრება, ქრონოლოგიური თვალსაზრისით, რამდენიმე ეტაპად არის წარმოდგენილი: 1. ადრეფეოდალური და განვითარებული ფეოდალური ეპოქების ქართული ეკონომიკის აღმავალი ხანა, როდესაც, განსაკუთრებით XI-XIII საუკუნეებში, საქალაქო ცხოვრებამ, საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ვაჭრობამ და სხვა სახის ეკონომიკურმა აქტივობამ გარკვეულ პიკს მიაღწია; 2. XVI-XVII საუკუნეებისა და XVIII საუკუნის I ნახევრის ქართული სამეფო-სამთავროების ეკონომიკური დაკნინების ეპოქა; 3. XVIII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციის პერიოდი, როდესაც ჩანს საქალაქო ცხოვრების ხელახალი აღორძინება, საშინაო ბაზრის ფორმირება, საგარეო ვაჭრობისა და მანუფაქტურული წარმოების განვითარება.

ნაშრომი განკუთვნილია როგორც სამეცნიერო წრეებისათვის, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ისე ფართო მკითხველისათვის.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????