იმერეთის სოციოლინგვისტური სურათი XIX საუკუნის 80-90- იანი და XX საუკუნის 10-20-იანი წლების ქუთაისის პრესაში
პროექტი „იმერეთის სოციოლინგვისტური სურათი XIX საუკუნის 80-90-იანი და XX საუკუნის 10-20-იანი წლების ქუთაისის პრესაში“ განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. (გრანტი FR17_178)
პროექტის საფუძველზე შეიქმნა ამავე სახელწოდების მონოგრაფია. ნაშრომის შექმნის მიზანს წარმოადგენდა XIX საუკუნის 80-90-იანი და XX საუკუნის 10-20-იანი წლების ქუთაისის პრესაში იმერეთის რეგიონის სოციოლინგვისტური სურათის კვლევა. ამ თვალსაზრისით საანალიზო პერიოდის პრესა, ფაქტობრივად, დაუმუშავებელი იყო. პროექტის განხორციელებისას შეიქმნა სერიოზული გამოკვლევა, რომელიც დაფუძნებულია ფაქტობრივ მასალაზე და მოგვცა XIX საუკუნის 80-90-იანი და XX საუკუნის 10-20-იანი წლების იმერეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი რეგიონის, ენობრივი, ეთნიკური, გენდერული და საგანმანათლებლო პოლიტიკის სრული სურათი. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი კომპლექსური ხასიათის კვლევა ჯერ არ განხორციელებულა.
მონოგრაფიით გაშუქდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
● ენობრივი სიტუაციის ტიპოლოგიური კვლევა, მშობლიური ენის საკითხის ანალიზი და საგანმანათლებლო პოლიტიკის ძირითადი ტენდენციების გამოვლენა. ამავე პერიოდის პრესის მასალების ეთნოლიგვისტური მიმართულებით კვლევა, ეთნიკური ჯგუფების, მეორე ენისა და შუამავალი ენის პრობლემატიკის ჩვენებით.
● გენდერული პრობლემატიკის კვლევა, ქალთა განათლებისა და ენობრივი კომპეტენციის საკითხის ჩვენებით. ამავე პერიოდში ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკის ძირითადი ტენდენციების კვლევა ენისა და განათლების საკითხების ჩვენებით.
XIX საუკუნის 80-90-იანი და XX საუკუნის 10-20-იანი წლების იმერეთში გამომავალი ქართული პრესა იყო განსაკუთრებული პოტენციის მქონე სულიერი ძალა, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველ ხალხს, შეენარჩუნებინა თავისი ენა, ეროვნული სახე და დამოუკიდებლობა.
მონოგრაფიაში შესულია აქამდე სპეციალურად შეუსწავლელი მასალა XIX საუკუნის 80-90-იანი და XX საუკუნის 10-20-იანი წლების ქუთაისის პრესაში იმერეთის სოციოლინგვისტური მდგომარეობის შესახებ. პროექტით გათვალისწინებული სამუშაო ფასეულია როგორც ლინგვისტური, პედაგოგიკური, გენდერული და ინტერდისციპლინარული კვლევებისთვის.