მოდალობის კატეგორიის საკითხები ქართულში
თანამედროვე ლინგვისტური კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სემანტიკა და სემანტიკურ ანალიზზე დამყარებული კვლევები. კვლევის ამ მიმართულებამ ენის სხვადასხვა დონის საკითხები მოიცვა და ენის ფუნქციონირების და შესწავლის სრულიად ახალი ასპექტები გამოავლინა.
ქართული ენა აგლუტინაციურ ენათა ჯგუფს განეკუთვნება. ამ ტიპის ენებში ყოველ გრამატიკულ კატეგორიას თავისი გამომხატველი ნიშანი აქვს, ფორმის შინაარსი სწორედ ძირისა და ამგვარ ელემენტთა ერთობლიობით გამოიხატება. გარდა ფორმანტთა გრამატიკული ფუნქციისა, ფორმის სემანტიკაში აისახება ამ ელემენტთა კომბინაციით შექმნილი სემანტიკაც. ამდენად, ამ ტიპის ენებისათვის მეტად მნიშვნელოვანი მიმართულებაა სემანტიკის კვლევა, რაც არა მხოლოდ ამ დარგისათვის საინტერესო სფეროებს წამოსწევს წინ, არამედ სტრუქტურალისტური მიდგომით დამუშავებულ ბევრ საკითხს სრულიად ახალ განვითარებას მისცემს. მორფოლოგიურ ანალიზთან ერთად მორფო-სემანტიკური და სემანტიკური ანალიზი არის სწორედ ის მიმართულება, რომელსაც ქართული ენის ახალი კვლევები უნდა დაეფუძნოს.
მოდალობის კატეგორიის კვლევა სემანტიკური ანალიზის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. მოდალობა მოიცავს მოლაპარაკისა და გამონათქვამის მიმართების სახეებს. ქართულ ენაში მოდალობის კატეგორიის კვლევა, მისი გამოხატვის საშუალებების აღწერა და კატეგორიის გამომხატველი ენობრივი მონაცემების სისტემური შესწავლა მნიშვნელოვანი ამოცანაა. ის აგრეთვე საფუძველი გახდება ქართულ ენაში და სხვა ქართველურ ენებში ახალი სემანტიკური მიმართულებების კვლევებისათვის. მოდალობის სემანტიკის კვლევა, თავის მხრივ, უკავშირდება გრამატიკალიზაციის პროცესს. ამდენად, მოდალობის გამომხატველის საშუალებების ანალიზისას მნიშვნელოვანია გრამატიკალიზაციის პროცესის მთელი სისრულით აღწერა და ენაში მიმდინარე ცვლილების პროცესების საფუძვლიანი ანალიზი. ამგვარი კვლევა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სემანტიკური კვლევების არეალის გაფართოებას ქართული ენისათვის, რაც ენის კვლევის ახალ ეტაპზე გადასვლის ნიშანია.
მოდალობის კატეგორია აღიწერება სისტემით, რომლის საფუძველს წარმოადგენს ეპისტემური, დეონტური და დინამიკური მოდალობის სახეების გამოყოფა და მათი გამომხატველი ენობრივი საშუალებების კვლევა. ქართულ ენაში გამონათქვამის სემანტიკას ასევე ქმნის მოდალური ელემენტისა და ზმნის მწკრივის ფორმის კომბინაცია, რაც სპეციალური შესწავლის საგანია. გარდა მოდალობის ამ სამი ტიპისა, ქართულ ენაში გამოიყოფა მიდალობის სხვა ტიპებიც. კვლევა ასევე წარმოაჩენს ქართულში ერთი მოდალური ფორმით სხვადასხვა სემანტიკის გამოხატვის შესაძლებლობას. მონოგრაფია ასევე მოიცავს კავშირებითი კილოს ანალიზს ქართულში, რამდენადაც ის მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული მოდალობის კატეგორიის გამოხატვასთან.
მონოგრაფია წარმოადგენს მოდალობის კატეგორიის სისტემის აღწერას, იკვლევს ქართული ენის სისტემაში მომხდარ გრამატიკალიზაციის პროცესს და წარმოაჩენს ამ მოვლენის შედეგებსა და ტენდენციებს ენაში. კვლევი ჩატარებულია ქართული ენის ეროვნული კორპუსის ბაზაზე და წარმოდგენილი შედეგები სიახლეა ქართული საენათმეცნიერო აზრისათვის.