შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ნაქალაქარ ნეკრესის უძველესი ქრისტიანული ტაძრები

მონოგრაფია ეძღვნება საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე გვიან ანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ნაქალაქარ ნეკრესის ტერიტორიაზე უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში გამოვლენილ ადრექრისტიანულ ძეგლთა არქეოლოგიური და ხუროთმოძღვრული კვლევის საკითხებს. ნაშრომის ავტორებმა არქეოლოგიურ-სტრატიგრაფიული, შედარებითი ტიპოლოგიური ანალიზის და ტექნიკური მეთოდებით შეისწავლეს როგორც ნეკრესის მონასტრის ანსამბლში ჩართული, ბოლო დრომდე უძველეს ქართულ ქრისტიანულ ბაზილიკად მიჩნეული მცირე სამლოცველო, ისე ნაქალაქარის სხვადასხვა უბანში, დიდწილად მათ მიერვე აღმოჩენილი ქრისტიანული ტაძრები და შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ: ეს უკანასკნელი, დიდი და სავსებით კანონიკური გეგმარების, გვიანრომაულ-ადრებიზანტიური სამყაროს აღმოსავლეთის პროვინციების ნიმუშებთან მეტად მიახლოებული გეგმარების ბაზილიკები, მე-4 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-5 საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული იბერიის სამეფოს საერო და სასულიერო ხელისუფალთა ძალისხმევით.
ნაშრომში ახალ, ობიექტურ ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით, უსაფუძვლოდაა მიჩნეული მე-20 ს-ის პირველ ნახევარში ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა წრეში შემუშავებული და სამეცნიერო მიმოქცევაში დღემდეც მნიშვნელოვანწილად დამკვიდრებული თეორია: თითქოსდა, იბერიის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად შემოღების შემდგომ ლამის საუკუნენახევრის განმავლობაში, ქრისტიანული ტაძრების მშენებლები ადგილობრივ ხუროთმოძღვრულ ტრადიციებზე მეტისმეტად დამოკიდებულების გამო, ნაკლებად უწევდნენ ანგარიშს რომის იმპერიის წიაღში შემუშავებულ, იმჟამად ქრისტიანული კულტურის სფეროში მოქცეულ ქვეყნებში უკვე საყოველთაოდ მიღებულ გეგმარებით ნორმებს.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და მონოგრაფიის რედაქტორი:ნოდარ ბახტაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო).

 მონოგრაფია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის
საგამომცემლო სახელმწიფო გრანტების კონკურსის გამარჯვებულია (#SP-19-346).
გამოიცა ამავე ფონდის ფინანსური შემწეობით

 წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????