პარატაქსულ-ჰიპოტაქსური კონსტრუქციები სვანურში
ნაშრომი შესრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის („პარატაქსულ-ჰიპოტაქსური კონსტრუქციები სვანურში“ – YS-19-435) ფარგლებში, თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებაში. სინტაქსის საკითხები ქართულ ენათმეცნიერებაში უამრავი მეცნიერის კვლევის ობიექტი ყოფილა და შესაბამისად აღნიშნულ გრამატიკულ კატეგორიასთან დაკავშირებით მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურა არსებობს. რაც შეეხება სვანურს, სვანური სინტაქსის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: ვ. თოფურიამ, მ. ქალდანმა, ნ. აბესაძემ, ა. კიზირიამ, გ. როგავამ, ი. ჩანტლაძემ, მ. ნაჭყებიამ და სამეცნიერო კვლევა ახლაც გრძელდება. ჩამოთვლილ მკვლევართა ნაშრომებმა და თანამედროვე კვლევა-ძიებამ გვიჩვენა, რომ ქართულთან მსგავსების მიუხედავად, სვანურში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით სხვაობები შეინიშნება, სხვაობათა მრავალფეროვნება დიალექტური ნაირსახეობებითაცაა განპირობებული.