პატარა ქალაქის დიდი ამბები
წიგნი „რუსთავის საბჭოთა მემკვირდრეობა - პატარა ქალაქის დიდი ამბები“ მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნულის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტის YS-19-521 ფარგლებში.
წიგნი მოიცავს რუსთავის სახის ჩამოყალიბების კვლევას კომუნისტების მიერ და მის ტრანსორმაციას პოსტკომუნისტურ პერიოდში. წარმოდგენილ კვლევაში ნაჩვენებია თუ როგორ შემოგვთავაზეს კომუნისტებმა რუსთავის მშენებლობასთან ერთად, ქალაქის წაკითხვის ორი განსხვავებული ხედვა - ნაციონალური და ინტერნაციონალური. ქალაქის ამ ხედვების გასამყარებლად კი რეჟიმი სხვადასხვა ავტორი და ისტორიული ფაქტი მოიხმო. სისტემა ურბანული ნარატივების მეშვეობით ქალაქის ძლიერ მხარეებს წარმოაჩენდა და ქვეყნის მასშტაბით მის განსაკუთრებულ სტატუსს უზრუნველყოფდა. რუსთავი საქართველოს სიამაყედ გამოცხადდა. ამ ყველაფრის საპირისპიროდ ქალაქის მდგომარეობა არსებითად შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ქარხნების ქალაქში მასიურმა უმუშევრობამ დაისადგურა. წარმოდგენები ბედნიერ მომავალზე მწარე რეალობით შეიცვალა. რამაც ავტომატურ რეჟიმში ღირებულებათა გადაფასების საკითხი დააყენა. მათ შორის კომუნისტების მიერ შემოთავაზებულმა ნაციონალურმა ნარატივებმა დაკარგა დამაჯერებლობა, ხოლო ქალაქის მულტიკულტურული იმიჯი აღარ იყო მიმზიდველი. წიგნში თანამედროვე რუსთავის მდგომარეობა განხილულია როგორც ქალაქისათვის იდენტობის ძიების პროცესი.