ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობა
კრებული მომზადდა სამეცნიერო პროექტის - „ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა (I-II ტომები)“ (გრანტი №FR17_257) - ფარგლებში.
წინამდებარე კრებულით საფუძველი ეყრება XIX-XX საუკუნეების ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიურ გამოცემას, რომლის მომზადების იდეა ბუნებრივად გაჩნდა ანალოგიურ პროექტზე - „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა“ - მუშაობის პროცესში.
I ტომში დაბეჭდილია პლატონ იოსელიანის 51 და დიმიტრი ბაქრაძის 67 წერილი, სულ 118 ეპისტოლე.
პლატონ იოსელიანის ჩვენამდე მოღწეული წერილები დაწერილია 1838-1870 წლებს შორის პერიოდში. მათი ადრესატი უმრავლეს შემთხვევაში მარი ბროსეა (44 წერილი). 48 წერილი ქართულია, ორი დაწერილია რუსულ და ერთიც ფრანგულ ენაზე.
დიმიტრი ბაქრაძის შემორჩენილი წერილების ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს 1850-1889 წლებს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილის (33 ერთეულის) ადრესატი ავტორის მეუღლე ანეტა მამაცაშვილი-ბაქრაძისაა. ბარათების ნაწილი გაგზავნილია საზოგადო მოღვაწეებისა თუ ოფიციალური პირებისადმი სამსახურებრივ და საზოგადოებრივ საქმეებთან დაკავშირებით. 1 წერილი დაწერილია ფრანგულად, 30 - რუსულად, დანარჩენი კი - ქართულად.
წერილებში კარგადაა გამოკვეთილი იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები, ისტორიოგრაფიული მეცნიერების სათავეებთან მდგომი ორი მკვლევარის ღვაწლი სიძველეთა მოძიებისა და მათი გამოქვეყნების საქმეში, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის დამოკიდებულება ქართველი მეცნიერებისადმი და სხვა და სხვა.