ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობა II ტომი
სამეცნიერო პროექტი `ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა (I-II ტომები)" (გრანტი №FR17_257) განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
II ტომი აგრძელებს „ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“ აკადემიურ გამოცემას. I ტომში გამოქვეყნდა პლატონ იოსელიანისა და დიმიტრი ბაქრაძის წერილები. II ტომით კი მკითხველს ვთავაზობთ ზაქარია ჭიჭინაძის (1853-1931) წერილები და თევდორე ჟორდანიას (1854-1916) წერილების ერთი ნაწილი.
ზაქარია ჭიჭინაძის ეპისტოლური მემკვიდრეობა 79 ერთეულს აერთიანებს. აქედან გამოცემაში 77 წერილია დაბეჭდილი, ხოლო ერთი ბარათის 2 ვარიანტი სამეცნიერო აპარატშია შესული. ყველა მათგანის ენა ქართულია. მათი ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს 1880-1931 წლებს. წერილების აბსოლუტური უმრავლესობა ავტოგრაფია, ერთი ავტორიზებულია, ხოლო ერთიც ასლია.
თევდორე ჟორდანიას ეპისტოლურ მემკვიდრეობას ჩვენამდე მოღწეული 100-ზე მეტი წერილი შეადგენს. მათი სრული კორპუსის დაბეჭდვა საკმაოდ გაზრდიდა კრებულის მოცულობას და მას ძნელად მოსახმარს გახდიდა. ამის გამო წინამდებარე ტომში წარმოვადგინეთ მისი წერილების მხოლოდ I ნაწილი - 48 ერთეული, შესრულებული 1880-1905 წლებში. წერილების II ნაწილს კი, დაწერილს 1906-1916 წლებში, მკითხველს შევთავაზებთ გამოცემის მომდევნო (III) ტომში.
აღნიშნული 48 წერილიდან 14 რუსულია, დანარჩენი - ქართული. რუსული წერილების ადრესატები არიან: ნიკო მარი, დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი თუმანიშვილი, ალექსანდრე ოქროპირიძე, ელენე ტარსაიძე, ნიკო ტარსაიძე, პეტრე ბარტენევი, პრასკოვია უვაროვა.
ამრიგად, წინამდებარე ტომში იბეჭდება ზაქარია ჭიჭინაძისა და თევდორე ჟორდანიას 125 წერილი. გამოცემაში დათარიღებულია 61 წერილი: აქედან 42 ზაქარია ჭიჭინაძისა, ხოლო 19 - თევდორე ჟორდანიასი.