შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართველურ ენათა ანდაზების ლინგვისტური კვლევის საკითხები

 

სამეცნიერო პროექტი – „ლინგვისტური კვლევის პრობლემური საკითხები ქართველურ ენათა ანდაზებში“ (PHDF-21-125) – განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ანდაზა განსაკუთრებული ენობრივ-კულტურული და მენტალური ფენომენია. ანდაზის კვლევა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენათმეცნიერული თვალსაზრისით, არამედ სხვა დისციპლინათა პერსპექტივიდანაც. მათ შორის წამყვანი ადგილი ლინგვისტურ ანალიზს უჭირავს, რადგან ენაშია გაცხადებული ერის, ეთნოსის ყოფა-ცხოვრების, ისტორიისა და კულტურის სპეციფიკური ნიშნები. ანდაზა უძველესი კოდური ინფორმაციის შემცველია. იგი ყველა ენაში მოიპოვება, ამიტომ ანდაზა ერთდროულად მსგავსებითა და განსხვავებით, ვარიანტულობითა და ინვარიანტულობით ხასიათდება. ანდაზაში კონცენტრირებულია საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და სიბრძნე. ზემოთქმულის გათვალისწინებით, აქტუალურია ანდაზების ენობრივი კვლევა, ლინგვისტური და ლინგვოკულტუროლოგიური ანალიზის პრობლემატიკის წარმოჩენა, იმაზე დაკვირვება, როგორ არის გაცხადებული ქართველურ ენათა ანდაზებში საერთო კულტურულ-მენტალური მონაცემები, რა არის მასში უნივერსალური და რა კულტურულ-სპეციფიკური.
პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა ინტერდისციპლინურმა კვლევამ წარმოაჩინა როგორც საერთო, ისე განსხვავებული სურათი ქართველურ ენათა ანდაზების ენობრივი მახასიათებლების თვალსაზრისით; კერძოდ, ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური ანდაზების სტრუქტურულ-სემანტიკური ანალიზის შედეგად ყურადღება გამახვილდა ისეთ პრობლემურ თემებზე, როგორიცაა: ქართველურ ენათა ანდაზების სემანტიკური ეკვივალენტობის საკითხი; ანდაზების ტრანსფორმაცია და მასთან დაკავშირებული ტერინოლოგია; გენდერული სტერეოტიპების ასახვა ანდაზების ენაში; ანდაზების როლი პოლიტიკურ დისკურსში და სხვ. გარდა იმისა, რომ ქართველურ ენათა ანდაზების ლინგვისტური კვლევის პრობლემური საკითხების თავმოყრა გამოკვეთს საერთოქართველურ ენობრივ სურათს, იგი ასევე მოამზადებს ნიადაგს მიღებული შედეგების ტიპოლოგიურ კვლევებში ჩასართავად როგორც ქართველური, ასევე ზოგადთეორიული ენათმეცნიერების თვალსაზრისით და საინტერესო მასალას იძლევა სამომავლოდ ტიპოლოგიური კვლევების განსა­ხორ­ცი­ელ­ებლად.
წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????