ინფორმაციული სტრუქტურა და ქართველურ ენათა ჰიპოტაქსური მოდელები
მონოგრაფია „ინფორმაციული სტრუქტურა და ქართველურ ენათა ჰიპოტაქსური მოდელები“
(მ. ლომია, რ. ქურდაძე, ქ. მარგიანი, ნ. ჭუმბურიძე) შესრულდა ფუნდამენტური კვლევებისა-თვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გამარჯვებული პროექტის ფარგლებში (FR-21-352), შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. წამყვანი ორგანიზაცია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტე-ტი.
ინფორმაციული სტრუქტურა უნივერსალური ფუნდამენტური საყრდენია მსოფლიო ენათათვის. საკომუნიკაციო აქტი ითვალისწინებს მთავარი და არამთავარი (მეორეხარისხოვანი) ინფორმაციის დიფერენცირებას, რომელიც წინადადებაში არათანაბარი სინტაქსური ღირებულების მქონე კომპონენტების შეპირისპირებით ყალიბდება. ამ კომპონენტების ურთიერთ-მიმართება ქმნის ჰიპოტაქსურ მოდელებს, რომელთა აგებისა და ჩამოყალიბების სტრატეგია განსხვავებულია სალიტერატურო და არასალიტერატურო ენებში. კვლევის სიახლე გამოკვეთილია მონოგრაფიაში, სადაც კომპლექსურად პირველად არის განხილული ინფორმაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების კანონზომიერებანი ქართველურ ენათა ჰიპოტაქსურ მოდელებში, რაც გულისხმობს ამ მიმართულებით ქართული სალიტერატურო ენის დიაქრონიული და სინქრონიული მონაცემების, ენის ისტორიის, ქართული ენის დიალექტების, არასალიტერატურო ქართველური ენების – მეგრულის, ლაზურისა და სვანურის ემპირიული მასალის ანალიზს სპეციფიკური კოგნიტური პროცესებისა და ენობრივი სტრატეგიების მიხედვით.
მეთოდოლოგიური მიდგომის თანამედროვე სტანდარტები გამოავლენს ქართველურ ენათა ტიპოლოგიას ენობრივ უნივერსალიებთან მიმართებით და წარმოაჩენს თითოეული ქართველური ენის სპეციფიკურ ვითარებას. რამდენადაც საქმე ენობრივი მსოფლხედვის ჩამოყალიბებისა და განვითარების კვლევას ეხება, მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია არამარტო ლინგვისტური, არამედ ინტერდისციპლინური კვლევებისა და დარგების განვითარებისთვისაც. ვრცელი ემპირიული მასალის (ბეჭდური ტექსტები, კორპუსული მონაცემები, ველზე მოძიებული ნიმუშები) ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა პრობლემათა სისტემურობა, გამოიკვეთა კვლევის მიმართულებები და გაკეთდა მეცნიერულად სანდო დასკვნები.
ნაშრომი განკუთვნილია ჰუმანიტარული და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის.