ქართველი მწერლები ეპოქათა ჭრილში
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის საგამომცემლო კონკურსში გამარჯვებული მონოგრაფია „ქართველი მწერლები ეპოქათა ჭრილში“ (რედ. - პროფ. ირმა რატიანი) - სოლიდურ, 670 გვერდიან ნაშრომს წარმოადგენს, რომლის ავტორიც გახლავთ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - ზაზა აბზიანიძე. ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ ლიტერატურის ინსტიტუტმა წარადგინა ეს მონოგრფია (რომლის არაერთი თავი ინსტიტუტის სამეცნიერო მოღვაწეობის თემებსა და პრობლემებს ასახავს) ფონდის საგამომცემლო კონკურსზე და გვერდში ედგა ავტორს წიგნის მოსამზადებელი პროცესის ყველა ეტაპზე.
მოკლე ანოტაციის ნაცვლად, აქ გაგაცნობთ მონოგრაფიის ავტორისეული წინათქმის დასასრულს, რომელიც წიგნის უკანა ყდაზეა გატანილი და ხატოვნად ასახავს ამ მართლაც ძალიან საინტერესო წიგნის დრამატულ სულისკვეთებას:
„ამ წიგნში ბოლო ოცი წლის განმავლობაში შექმნილმა ლიტერატურულმა პორტრეტებმა და ძიებებმა მოიყარა თავი. მკითხველს (განსაკუთრებით კი _ ახალგაზრდას) დააინტერესებს და გაიტაცებს ,,ლიტერატურული მოგზაურობა", რომელშიც რეალური და წარმოსახული გმირები ერთმანეთს ენაცვლებიან და ზოგჯერ ვერც კი იტყვით, რა უფრო სულისშემძვრელია აქ _ ტრაგიკული ლექსი, სიუჟეტი თუ თავად ავტორის ბიოგრაფია?! ვერ იტყვით, რადგან იმ ეპოქათა ჭრილში, რომლებშიც ჩვენთვის ძვირფასი სახეები მოჩანს, სისხლი წვეთავს და არა _ მირონი...“
არ შეიძლება აქვე არ აღინიშნოთს გარეკანის შესანიშნავი გაფორმება მხატვარ ოლესია თავაძის მიერ.